საქართველო

ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი დაარეგისტრირა – მათგან 19 პოლიტიკური პარტიების, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფების მიერაა წარდგენილი

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სულ 25 კანდიდატი მიიღებს. მათგან 19 პოლიტიკური პარტიების, ხოლო ექვსი საინიციატივო ჯგუფების მიერაა წარდგენილი. ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ამ დრომდე ცესკო-ს თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფების მიერ.

19 საინიციატივო ჯგუფს მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, რადგან ცესკო-ს ცნობით, მათ კანონით დადგენილ ვადებში ვერ წარადგინეს მხარდამჭერთა სიები. ერთ საინიციატივო ჯგუფს კანდიდატის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა საარჩევნო დოკუმენტაციაში ხარვეზის შეუსწორებლობის გამო, ერთ პოლიტიკურ პარტიას კი იმ მიზეზით, რომ პარტია იუსტიციის სამინისტროში არ იყო რეგი​სტრირებული.

რაც შეეხება დარეგისტრირებულ 25 კანდიდატს, მათ არაუგვიანეს 16 ოქტომბრისა, უფლება აქვთ, წერილობით მიმართონ ცესკო-ს საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა კანდიდატი შეყვანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში.