საქართველო

ცესკომ მთაწმინდის ყველა უბნის შედეგები გამოაქვეყნა – ლადო კახაძეს ამომრჩეველთა ხმების 61.83 % აქვს მიღებული, შალვა შავგულიძეს კი 38.17%

ცენტრალური საარჩევნო კომისია მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის 31-ივე უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს (ამ დროისთვის სულ 31 უბნიდან მონაცემები დათვლილია 31 უბნის მიხედვით), რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ლადო კახაძეს ამომრჩეველთა ხმების 61.83 % (10738 ხმა) აქვს მიღებული, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს კი 38.17% (6630 ხმა).

მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 41,23% შეადგინა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 43 909 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 18 105-მა მიიღო. შუალედური არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, აქტივობა მაღალი იყო. 19 მაისის არჩევნებზე მთაწმინდაზე 20:00 საათის მონაცემებით აქტივობა 34,27% იყო.

დღის ბოლოს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია ორი საჩივარი: ერთი ეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარის თქმას და მეორე – N17 უბანზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ამომრჩევლის მონაცემების დამუშავებას.

ასევე, მესამე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ამომრჩეველი რეგისტრაციის ადგილზე არ იმყოფებოდა და მას გადასატანი ყუთი ფაქტობრივ მისამართზე მიუტანეს. ამის გამო აღნიშნული ყუთი დაილუქა.

9 ივნისის არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.