აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი თავის ცოლთან და დასთან ერთად ფხენიანში კოსმეტიკური საშუალებების ქარხანას სტუმრობდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მის ცოლთან, რი სოლ-ჯუსთან და დასთან, კიმ იო ჩენთან ერთად კვირას ფხენიანში კოსმეტიკურ ქარხანას სტუმრობდა. ორივე ქალი – ცოლი და და – იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში.

ცოტა ხნის წინათ ქალბატონი კიმი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთავრობაში მნიშვნელოვან და გავლენიან თანამდებობაზე დაინიშნა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და მისი თანმხლები პირების ქარხანაში ვიზიტის ფოტოები სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა.

როგორც BBC იუწყება, გაერო-ს მიერ ფხენიანისთვის სანქციების რამდენჯერმე დაწესების შემდეგ საზღვარგარეთული ფუფუნების საგნები, მათ შორის კოსმეტიკური ნაწარმი, ჩრდილოეთ კორეაში დეფიციტურ საქონლად იქცა.

 რატომ ესტუმრა იგი კოსმეტიკურ ქარხანას?

სანქციების გამო, წლების განმავლობაში ბევრმა სახელმწიფომ შეწყვიტა ფუფუნების საგნების ჩრდილოეთ კორეაში შეტანა და როგორც ჩანს, ქვეყანამ თავისი კოსმეტიკური ინდუსტრია განავითარა და ადგილობრივი ბრენდები – „ბომჰიანგი“ და „უნჰასუ“ მომხმარებლებს შორის პოპულარული ხდება.

როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტად კიმ ჩენ ინის სამხედრო ობიექტებსა თუ სარაკეტო გამოცდების ადგილმდებარეობებზე გადაღებული ფოტოები ვრცელდება, მისი კოსმეტიკური საშუალებების ქარხანაში ვიზიტი მნიშვნელოვან პროპაგანდისტულ მიზანს ემსახურება, აგზავნის რა შეტყობინებას კიმის მმართველობის ლეგიტიმურობაზე ფხენიანის ელიტის და საშუალო კლასისადმი.

მაშინ როცა სახელმწიფო მედია სამომხმარებლო საქონლის, ისეთის, როგორიცაა 3D ტელევიზორები და სმარტფონები მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ ავრცელებს ინფორმაციებს, იგი ქარხნებსა და ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური სექტორის სხვა მნიშვნელოვან ადგილებში ხშირად მოქცეულა ფოტოგრაფების ობიექტივში.

ვიზიტი ემსახურება იმას, რომ „აჩვენოს, რომ ჩრდილოეთ კორეას თავის ხალხზე მზრუნველობა და მათი ეკონომიკური განვითარებით უზრუნველყოფა პეკინის და სეულის დონეზე შეუძლია“, უთხრა ჩრდილოეთ კორეელმა ანალიტიკოსმა ანკიტ პანდამ BBC -ს.

„მაშინაც კი, როცა ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის სიმართლე, რეჟიმისთვის მნიშვნელოვანია აჩვენოს თავის ხალხს, რომ მას შეუძლია მატერიალური სიამოვნებებით უზრუნველყოფა“.

ფხენიანის კოსმეტიკურ ქარხანაში ვიზიტისას კიმ ჩენ ინმა შეაქო კომპანია „მსოფლიო დონის კოსმეტიკური საშუალებების“ წარმოებისა და ქარხნის იმდენად თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანისათვის, რაც „მსოფლიო სიამაყის გრძნობის“ მომნიჭებელია, აცხადებს ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ახალი ამბების სააგენტო.

რატომ მიიყვანა კიმ ჩენ ინმა ქარხანაში მისი ცოლი და და?

ქარხანაში ვიზიტისას კიმ ჩენ ინის ცოლი ფოტოებზე ჩანს, მაშინ როცა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დის იდენტიფიცირება შეუძლებელია, მაგრამ ცენტრალური სააგენტო აღნიშნავს, რომ იგი სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან ერთად იქ იმყოფებოდა.

კიმისა და მისი ოჯახისა და პირადი ცხოვრების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი და ოჯახის წევრები იშვიათად ჩნდებიან საზოგადოებაში.

პანდამ BBC-ს უთხრა, რომ მნიშვნელოვანი იყო, რომ მან ამჯერად არჩია გამოჩენილიყო მის ცოლთან და დასთან ერთად.

„ეს ხაზს უსვამს ოჯახის პირველობას, რომ სისხლისმიერი კავშირები მნიშვნელოვანია მისთვის, რომ მისი შვილები შეცვლიან მას“, განაცხადა პანდამ.

თუ მხედველობაში მივიღებთ მის ბოლოდროინდელ დაწინაურებას, ქალბატონი კიმის ყოფნა ასევე „იძლევა იმის სიგნალს, რომ კიმის რეჟიმს სურს მსოფლიომ შეხედოს, რომ იგი [ქალბატონი კიმი] უფრო თვალშისაცემ მძლავრ თანამდებობაზე იმყოფება“. მიმდინარე თვის დასაწყისში კიმმა მისი და ქვეყნის მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოში, პოლიტბიუროში შეიყვანა.

იყო თუ არა ვიზიტის დრო მნიშვნელოვანი?

კიმის ქარხანაში ვიზიტს წინ უძღვის მზარდი დაძაბულობა კორეის ნახევარკუნძულზე, რაც ფხენიანის მიერ ბირთვული გამოცდებითა და კიმ ჩენ ინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს შორის დაძაბული რიტორიკითაა განპირობებული.

სამხრეთ კორეის დედაქალაქში პრეზიდენტი ტრამპი დაახლოებით ერთ კვირაში გეგმავს ჩასვლას.

კიმ ჩენ ინის კოსმეტიკურ ქარხანაში ვიზიტი სახელმწიფო მედიის მიერ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მატისის მხრიდან გაკეთებული განცხადების, რომ აშშ „არასოდეს მიიღებს“ ბირთვული იარაღის მქონე ჩრდილოეთ კორეას, მეორე დღეს იქნა გაშუქებული.

მატისმა, რომელიც აზიურ ტურნეში იმყოფებოდა და შაბათს სეულსაც სტუმრობდა, კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის პოზიცია, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას, „მასიური სამხედრო პასუხი“ გაეცემა.

GUARDIAN.GE