მსოფლიოს ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეა ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთის ტერიტორიად აღიარებს

ფხენიანში მსოფლიო ატლასი გამოსცეს, სადაც ყირიმი რუსეთის ტერიტორიად არის მიჩნეული, ნათქვამია კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში (კსდრ) რუსეთის საელჩოს „ფეისბუქის“ ოფიციალურ  გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

„გამომცემლობა „სამეცნიერო ენციკლოპედიამ“ (კსდრ) მსოფლიოს ახალი პოლიტიკური ატლასი გამოსცა, სადაც ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ფერებშია მოქცეული (გვ. 240-242). როგორც ჩვენ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განგვიმარტა, რესპუბლიკა პატივს სცემს ყირიმის რეფერენდუმის შედეგებს, ნახევარკუნძულის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით, თვლის ამ შედეგებს ლეგიტიმურად და მიიჩნევს, რომ ის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან სრულ შესაბამისობაშია“, ნათქვამია რუსეთის საელჩოს ინფორმაციაში, როგორც ამას სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 

დიპლომატიურ მისიაში აღნიშნავენ, რომ „კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ოფიციალურად გამოხატა თავისი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაერო-ს კენჭისყრისას, რომ ყირიმი რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია“.  რუსეთის საელჩოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ანალოგიური სახით ეკიდებიან ფხენიანში კურილიის კუნძულების კუთვნილების საკითხსაც“.

 

GUARDIAN.GE