აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, იტყობინება BBC შეერთებულ შტატებსა და იაპონიაზე დაყრდნობით. იაპონიამ და სამხრეთ კორეამ დაგმეს რაკეტების გამოცდა.

რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფხენიანმა ყვითელ ზღვაში არაბალისტიკური რაკეტები გამოსცადა.

იაპონიის ოფიციალური პირების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა სამშაბათს, ადგილობრივი დროით 07:00 საათის შემდეგ გაუშვა. მათ 420 და 430 კილომეტრი იფრინეს, სანამ იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის მიღმა წყლებში დაეშვებოდნენ. იაპონიამ განაცხადა, რომ თავის ტეიტორიულ წყლებში ნამსხვრევები არ ყოფილა ნაპოვნი.  

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით, ფხენიანს ბალისტიკური რაკეტების გამოცდა ეკრძალება, თუმცა ჩრდილოეთ კორეას არაერთხელ აქვს დარღვეული ეს რეზოლუციები. ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილებით, ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტები 1 წლის წინაც გამოსცადა.