აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეამ ბოდიში მოიხადა ფხენიანში სამხრეთ კორეული „K-pop“-ის კონცერტზე პრესის დაბლოკვის გამო

ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში პოპულარული სამხრეთ კორეული „K-pop“-ის მომღერლებმა კონცერტი გამართეს, რომელსაც ქვეყნის უზენაესი ლიდერი კიმ ჩენ ინი მეუღლესთან ერთად დაესწრო. მან სამხრეთ კორეელ მომღერალთა ჯგუფის წევრებთან ერთად ფოტოც გადაიღო.

ჩრდილოთ კორეამ ფხენიანში კონცერტის გასაშუქებლად ჩასული სამხრეთ კორეელი ჟურნალისტების ჯგუფს ბოდიში მოუხადა იმისათვის, რომ კონცერტის გაშუქების საშუალება არ მისცა, და როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, ამგვარი ბოდიში იშვიათი შემთხვევაა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან.

სამხრეთ კორეის მთავრობამ მისი ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო პროტესტი გამოთქვა. კიმ იონ ჩოლი, ჩრდილოეთ კორეელი გენერალი და სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ამის შემდეგ მივიდა ჟურნალისტების სასტუმროში და მათ ბოდიში მოუხადა, წერს „გარდიანი“.

„შეცდომა იყო თავისუფალი მედიისთვის გადაღების და რეპორტაჟების გაკეთების შეზღუდვა. ჩვენი ვალდებულებაა დავეხმაროთ სამხრეთ კორეის რეპორტიორებს თავისუფლად შეძლონ რეპორტაჟების და ფილმების მომზადება“, განაცხადა კიმ იონ ჩოლმა, როგორც ამას სამხრეთ კორეული ახალი ამბების სააგენტო Yonhap-ი იტყობინება.

აპრილის ბოლოს კიმ ჩენ ინის და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჟე ინის შეხვედრაა დაგეგმილი ორი ქვეყნის გამყოფ დემილიტარიზებულ ზონაში.