აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩინეთში მკაცრი კოვიდ-რეგულაციების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე პრეზიდენტ სი ძინპინის გადადგომაც მოითხოვეს

ჩინეთში მკაცრი კოვიდ-რეგულაციების წინააღმდეგ პროტესტმა უდიდეს ქალაქებში გადაინაცვლა. დემონსტრანტები ქვეყნის დედაქალაქ პეკინსა და ფინანსურ ცენტრ შანხაიში შეიკრიბნენ და კოვიდ-შეზღუდვებისადმი ხელისუფლების ნულოვანი ტოლერანტობა გააპროტესტეს. ზოგიერთმა მათგანმა პრეზიდენტ სი ძინპინის გადადგომაც მოითხოვა.

შანხაიში, სადაც ორი დღეა პროტესტი გრძელდება, გზის გასწვრივ ლურჯი ბარიერების გრძელი რიგი განთავსდა. ხალხი გაბრაზებულია კოვიდ-რეგულაციებისადმი სი ძინპინის უმკაცრესი მიდგომით, რომელიც მოიცავს მასობრივ ტესტირებებს, კარანტინებსა და დაავადების გავრცელების კერების უსწრაფეს ჩაკეტვებს.

BBC-ის ცნობით, ბოლო არეულობები მოჰყვა საპროტესტო აქციას ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ურუმჩიში, სადაც 10 ადამიანი დაიღუპა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად. მომიტინგეები სამაშველო სამუშაოების შეფერხების მიზეზად ჩაკეტვის წესებს ასახელებდნენ, მაგრამ ხელისუფლება ამას უარყოფს.

ჩინეთში დაწესებულ უმკაცრეს რეგულაციებს კოვიდ შემთხვევების რეკორდული მატების მიუხედავად აპროტესტებენ. ხელისუფლების განცხადებით, ზედიზედ მე-5 დღეს, ყოველდღიური მაჩვენებელი 40 000-ის ფარგლებში მერყეობდა და ბოლოს ამ ნიშნულსაც გადააჭარბა. ათასობით ახალი შემთხვევა ვლინდება გუანჯოუსა და ჩონკინგის დიდ ქალაქებში.

როგორც BBC იუწყება, სახელმწიფო მედია – ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის რუპორი – საერთოდ არ ახსენებს, რომ ქვეყანაში საპროტესტო ტალღაა აგორებული.

guardian.ge