აზია, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ჩინეთმა დაჟინებით მოუწოდა ვაშინგტონს ხელი აიღოს „ცივი ომის მენტალობაზე“

მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ის მისი ბირთვული არსენალის უფრო მცირე ბომბებით გამრავალფეროვნებას გეგმავს, ჩინეთმა დაჟინებით მოუწოდა შეერთებულ შტატებს ხელი აიღოს მისი „ცივი ომის მენტალიტეტზე“.

„ქვეყანამ, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ბირთვული არსენალის მფლობელია, უნდა აიღოს ინიციატივა მისდიოს საერთო მიმართულებას, ვიდრე წავიდეს მის წინააღმდეგ“, განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას.

შეერთებული შტატების სამხედრო უწყება მიიჩნევს, რომ მისი ბირთვული იარაღი გამოსაყენებლად ძალზე დიდია და სურს განავითაროს არსებულზე მცირე ზომის ბომბები.

აღნიშნული გეგმა უკვე დაგმო რუსეთმა.

როგორია ზუსტად შეერთებული შტატების ახალი პოლიტიკა?

შეერთებული შტატები წუხს იმის თაობაზე, რომ მისი ბირთვული არსენალი მოძველებული ხდება და უკვე აღარ არის ეფექტური შემაკავებელი. პენტაგონის ახალი თავადაცვის სტრატეგია ჩინეთს, რუსეთს, ჩრდილოეთ კორეას და ირანს ყველაზე მთავარ პოტენციურ საფრთხეებად მიიჩნევს.

როგორც BBC იუწყება, პენტაგონის პარასკევს გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომელიც ცნობილია, როგორც „ბირთვული მდგომარეობის გადახედვა“ (Nuclear Posture Review) ამტკიცებს, რომ უფრო მცირე ბირთვული იარაღის განვითარება ამ გამოწვევას გაუმკლავდება. მცირე ზომის იარაღის, რომლის დამზადებასაც ვაშინგტონი გეგმავს, სიმძლავრე 20 ათას ტონას შეესაბამება, ის ნაკლებად ძლიერია, მაგრამ მაინც დამანგრეველია. ახალი პოლიტიკა ასევე ითვალისწინებს:

ხმელეთზე ბაზირებული ბალისტიკური რაკეტები, წყალქვეშა გემებზე დამაგრებული რაკეტები, და საჰაერო შეიარაღება მძლავრად იქნეს მოდერნიზებული, როგორც ეს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას დროს დაიწყო.

„მზარდი საფრთხე რევიზიონისტი სახელმწიფოებისაგან“, ისეთის, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, ამერიკის გასულ თვეს გამოცხადებული ახალი თავდაცვის სტრატეგიის მთავარ ნაწილს შეადგენს.

რა განაცხადა ჩინეთმა?

ჩინეთმა კვირას განაცხადა, რომ იგი „მტკიცედ“ ეწინააღმდეგება პენტაგონის მიერ აშშ-ის ბირთვული პოლიტიკის გადასინჯვას.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი გაზვიადებულად აღიქვამს ჩინეთის ბირთვული საფრთხის საფრთხეს და დაამატა, რომ პეკინის პოლიტიკა ბუნებით თავდაცვითია.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები მიატოვებს თავის ცივი ომის მენტალობას, სერიოზულად შეაფასებს მის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას განიარაღების თაობაზე, მართებულად გაიგებს ჩინეთის სტრატეგულ განზრახვებს და ობიექტურად შეხედავს ჩინეთის ეროვნული თავდაცვის და სამხედრო სფეროს მშენებლობას“, ნათქვამია განცხადებაში.

„ბირთვული მდგომარეობის გადახედვის“ დოკუმენტში, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს „მისი უკვე არსებული მნიშვნელოვანი ბირთვული ძალების გაფართოებაში დასდო ბრალი, მაგრამ პეკინმა კვირას დაიცვა თავისი პოლიტიკა, განაცხადა რა, რომ ის „მტკიცედ ესადაგება მშვიდობიან განვითარებას და თანხვედრაშია ეროვნული თავდაცვის პოლიტიკასთან, რომელიც ბუნებით თავდაცვითია“.

როგორი რეაქცია ჰქონდა რუსეთს?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებულ შტატებს ომის გაჩაღებაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ მოსკოვი „მიმართავს საჭირო ზომებს“, რათა უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოება.

„პირველივე ფურცლებზე, ამ დოკუმენტის კონფრონტაციული და ანტი-რუსული ხასიათი გეცემა თვალებში“, აღნიშნულია რუსეთის დიპლომატიური უწყების შაბათს გაკეთებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „ღრმა იმედგაწბილება“ გამოხატა ვაშინგტონის ახალი გეგმის თაობაზე.