ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა რუსეთსა და უკრაინას შორის „შუამავლის“ როლი იკისროს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ გამოხატა მზადყოფნა პეკინმა „შუამავლის“ როლი იკისროს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტში, რაც ჩინეთის მხრიდან პირველი ასეთი ოფიციალური განაცხადია. „ჩინეთი მზად არის განაგრძოს კონსტრუქციული როლის თამაში სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით და იმუშაოს საერთაშორისო საზოგადოებასთან საჭირო მედიაციის განსახორციელებლად, სადაც ამის საჭიროებაა“, – განაცხადა ჩინეთის უმაღლესმა დიპლომატმა თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ქვეყნის საკანონმდებლო სესიის ფარგლებში.

როგორც CNN იუწყება, საგარეო მინისტრს არ დაუკონკრეტებია დეტალები თუ რას შეიძლება მოიცავდეს ამგვარი როლი და მას არც ჩინეთის პოტენციური ჩართულობის დონეზე უსაუბრია. მინისტრმა უფრო ადრე თქვა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ყველა კონსტრუქციულ საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც უკრაინაში პოლიტიკური დარეგულირებისაკენ არის მიმართული.

ვანგმა გაიმეორა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის მეგობრობა „კლდესავით მტკიცეა“ და წარმოადგენს „ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორმხრივ ურთიერთობას მსოფლიოში“.

„ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებას აქვს მკაფიო ისტორიული ლოგიკა და ძლიერი შიდა მამოძრავებელი ძალა. ორ ხალხს შორის მეგობრობა კლდესავით მტკიცეა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები ბრწყინვალეა“, – თქვა ვანგმა რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს კითხვაზე, მოახდენს თუ არა გავლენას რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებზე, მოსკოვის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების ზეწოლა.

„რაც არ უნდა სახიფათო საერთაშორისო ვითარება იყოს, ჩინეთი და რუსეთი შეინარჩუნებენ სტრატეგიულ ფოკუსს და ხელს შეუწყობენ კოორდინაციის ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ ეპოქაში“, – განაგრძო ვანგმა კითხვაზე საპასუხოდ და დასძინა, რომ ორივე ერი „ეწინააღმდეგება ცივი ომის მენტალობაში დაბრუნებას“.

შაბათს, უკრაინის ომთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან საუბრისას, ვანგმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, ნატოს და ევროპას, ჩაერთონ რუსეთთან „თანაბარ დიალოგში“.

ჩინეთი ჯერჯერობით ერიდება უკრაინაში რუსეთის სამხედრო ქმედებებს „შეჭრა“ უწოდოს და ამბობს, რომ კონფლიქტი „გართულებული ისტორიისა და რეალობისგან“ არის წარმოშობილი და რუსეთის ქმედებების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას მიიჩნევს.

guardian.ge