აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩინეთმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსის აფეთქებიდან მოყოლებული ახალი შემთხვევების კლებას აქვს ადგილი

ჩინეთმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსის აფეთქებიდან მოყოლებული სამ ერთმანეთს მოყოლებულ დღეში ახალი შემთხვევების კლებას აქვს ადგილი. კვირას, ხელისუფლებამ 2,900 ახალი შემთხვევისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დამატებით 142 ადამიანის სიკვდილის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საერთო ჯამში, ჩინეთში კორონავირუსით 68,000 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1,665-ს შეადგენს.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, თითქმის 30 ქვეყანაში, ამ დროისთვის (16 თებერვალი, 2020)  500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ოთხი ადამიანი გარდაიცვალა – საფრანგეთში, ჰონგ კონგში, ფილიპინებსა და იაპონიაში.

როგორც BBC იუწყება, ბოლო მონაცემების გამოქვეყნებამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, რომ ახალი შემთხვევების კლებამ აჩვენა, რომ „მთლიანობაში ეპიდემია კონტროლირებადია“.

„ჩვენ ისეთ სრულ დაცვასა და კონტროლის ძალისხმევებს მივმართეთ – ძალისხმევებს, რომელიც იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მე ვერ ვხედავ სხვა რომელიმე ქვეყანას, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია“, განაცხადა მინისტრმა.

როგორ ვითარდება მოვლენები:

ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ჩინეთის ცენტრალური ბანკი ფულის გამოყენებული ბანკნოტების დეზინფექციას და შენახვას ახდენს, სანამ მას ხელახალ ბრუნვაში გაუშვებს.

საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა შაბათს განაცხადეს, რომ საფრანგეთში კორონავირუსით ჩინელი ტურისტი გარდაიცვალა – პირველი ფატალური შემთხვევა აზიის მიღმა.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ იაპონიაში თვითმფრინავს აგზავნის, რათა 400 ამერიკელის ევაკუაცია მოახდინოს „Diamond Princess“-ის საკრუიზო გემიდან, რომელიც იაპონიის პორტშია გაჩერებული და რომელზეც კარანტინია გამოცხადებული.

მეორე საკრუიზო გემზე, რომელიც კამბოჯაშია გაჩერებული, 83 ამერიკელი ქალის ტესტირებამ ვირუსზე პოზიტიური შედეგი აჩვენა.

დიდ ბრიტანეთში, 9 ადამიანიდან, რომელიც კორონავირუსზე მკურნალობდა, ერთის გარდა ყველა გაწერეს საავადმყოფოდან.

5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სინგაპურში და მთლიანობაში ახალი ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ იქ 72 შეადგინა. 18 ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდა და გაიწერა საავადმყოფოდან.

შაბათს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თედროს ადანომ ღებრეიესუსმა ჩინეთი კორონოვარისუსის აფეთქებისადმი საპასუხო ზომების მიღებისთვის შეაქო და თქვა, რომ „ჩვენ მხნედ ვართ, რადგან ჩინეთს მიღმა კორონავირუსის მოსახლეობაში ფართოდ გავრცელება-გადაცემას არ აქვს ადგილი“.

როგორ ართმევს ჩინეთი თავს ახალ ვირუსს?

ათეულობით მილიონ ჩინელს ჯერ კიდევ მძიმე შეზღუდვები აქვს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც მთავრობის ძალისხმევების ნაწილია, შეაჩერონ ვირუსის გავრცელება, რომელსაც ოფიციალურად  „კოვიდ-19“ ეწოდა. ყველაზე მეტად საპასუხო ზომები ჰუბეის პროვინციასა და მის დედაქალაქ ვუხანს ეხება, საიდანაც იფეთქა ვირუსმა. ქალაქი ამ დრომდე იზოლირებულია დანარჩენი ქვეყნისაგან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, რომ ჰუბეის შიგნით ინფექციის გავრცელების კლებასთან ერთად, ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირდა პროვინციის გარეთ 11 ერთმანეთს მიყოლებული დღის განმავლობაში.

მან თქვა, რომ სწრაფი ზრდაა დაფიქსირებული ინფიცირებულთა გამოჯანმრთელების მხრივ.

კორონავირუსის შეკავების მიზნით, პეკინმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ყველა ვინც კი ბრუნდება ქალაქში, 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს.

მაგრამ, როგორც BBC იუწყება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჰუბეის პროვინციის საავადმყოფოებში სრულად ვერ შეძლო დამცავი მოწყობილობების – სასუნთქი ნიღბების,  დამცავი სათვალეების და დამცავი ტანისამოსის მიწოდება.

მას შემდეგ, რაც ახალმა ვირუსმა იფეთქა, ჯანდაცვის 6 თანამშრომელი გარდაიცვალა, მათ შორის განგაშის ამტეხი 33 წლის ექიმი ლი ვენლიანძი, რომელიც ცდილობდა პირველი გაფრთხილებების გავრცელებას მომაკვდინებელი კორონავირუსის აფეთქების თაობაზე.

guardian.ge