აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩინეთისა და ბელარუსის ლიდერებმა უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზებზე ისაუბრეს

ჩინეთისა და ბელარუსის ლიდერებმა „უაღრესად დიდი ინტერესი“ გამოხატეს უკრაინაში ომის მშვიდობიანი გადაწყვეტისადმი. პეკინში, ლუკაშენკოს სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ – პუტინის ახლო მოკავშირეებმა – განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩინეთმა და ბელარუსმა „გამოთქვეს ღრმა შეშფოთება“ კონფლიქტის გამო და „გამოხატეს უკიდურესი ინტერესი უკრაინაში მშვიდობის რაც შეიძლება მალე დამყარების მხრივ“, იტყობინება „ბი-ბი-სი“ ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“-ზე დაყრდნობით.

ლუკაშენკოს პეკინში ვიზიტი მას შემდეგ შედგა, რაც ჩინეთმა თავისი უმაღლესი დიპლომატი ვანგ იი გაგზავნა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად. ლუკაშენკოს და სი ძინპინის შეხვედრა კი, დაემთხვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ტურნეს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სადაც იგი უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად ჩავიდა.

ჩინეთმა გასულ კვირას გამოაცხადა სამშვიდობო მოლაპარაკებების გეგმა, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემის მოწოდებით. ლუკაშენკომ შეაქო აღნიშნული გეგმა და თქვა, რომ მისი ქვეყანა „სრულად უჭერს მხარს“ პეკინის „საერთაშორისო უსაფრთხოების ინიციატივას“ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. პოლიტიკური გადაწყვეტილებები „უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს მიმართული გლობალური დაპირისპირების თავიდან აცილებისაკენ, სადაც გამარჯვებულები არ იქნებიან“, – უთხრა მან სი ძინპინს. ჩინეთის ლიდერმა კი, თავის მხრივ, „ცივი ომის ყველა მენტალიტეტზე“ უარის თქმის მოწოდება გააკეთა. მან დასძინა, რომ ქვეყნებმა „უნდა შეწყვიტონ მსოფლიო ეკონომიკის პოლიტიზება“ და „აკეთონ ის, რაც ხელს შეუწყობს ცეცხლის შეწყვეტას, ომის შეწყვეტას და მშვიდობიან გადაწყვეტას“.

12-პუნქტიანი დოკუმენტი მოუწოდებს „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისადმი“ პატივისცემას. მასში კონკრეტულად არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან. ამასთან, ჩინური სამშვიდობო გეგმა გმობს „ცალმხრივი სანქციების“ გამოყენებას, რაც უკრაინის დასავლელი მოკავშირეებისადმი კრიტიკას გულისხმობს. ჩინეთის სამშვიდობო გეგმას დასავლეთში საყოველთაო უნდობლობით შეხვდნენ.

თავად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი თქვა, რომ იგი ეთანხმება ჩინეთის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ ნაწილს და აღნიშნა, რომ ეს ჩინეთის პროცესში ჩართვის მზადყოფნის ნიშანია. პეკინს ჯერჯერობით საჯაროდ არ გაუცია პასუხი ზელენსკის განცხადებისადმი, რომ მას სი ძინპინთან შეხვედრის სურვილი აქვს.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ