მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ჩარლი კირკის მკვლელობის ბრალდებით 22 წლის ტაილერ რობინსონი დააკავეს

იუტის გუბერნატორი, სპენსერ კოქსი აცხადებს, რომ კირკის სავარაუდო მკვლელი დააკავეს. მისი თქმით, დაკავებული 22 წლის ტაილერ რობინსონია.

გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ტაილერ რობინსონის ოჯახის წევრი დაუკავშირდა ოჯახის მეგობარს, რომელმაც შემდეგ შერიფს შეატყობინა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ რობინსონმა დანაშაულის ჩადენა აღიარა.

კოქსის ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ოჯახის წევრმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ტაილერ რობინსონი ბოლო წლებში „უფრო პოლიტიკური“ გახდა. მისი თქმით, ოჯახის წევრმა გაიხსენა ბოლო ინციდენტი, რომლის დროსაც რობინსონი 10 სექტემბრამდე ოჯახის წევრებთან ვახშამზე მივიდა, რა დროსაც ახსენა, რომ ჩარლი კირკი იუტა ველის უნივერსიტეტში ჩადიოდა, ასევე აღნიშნა, რატომ „არ მოსწონდა ის და რა შეხედულებები ჰქონდა“.

კოქსის თქმით, რობინსონმა ოჯახის წევრს უთხრა, რომ „კირკი სიძულვილით იყო სავსე და სიძულვილს ავრცელებდა“.

ამასთან, იუტის გუბერნატორის განცხადებით, იარაღთან ერთად, ნაპოვნია გრავირებული ვაზნები. ხოლო ტყვიებზე აღმოჩენილ წარწერებს შორისაა: „ჰეი, ფაშისტებო, დამიჭირეთ“, „ბელა ჩაო, ბელა ჩაო, ბელა ჩაო, ჩაო, ჩაო“ და „თუ ამას კითხულობ, გეი ხარ“.

სპენსერ კოქსი ასევე აცხადებს, რომ ტაილერ რობინსონი იუტა ველის უნივერსიტეტის სტუდენტი არ ყოფილა. კოქსის თქმით, არ აქვთ ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა რობინსონს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა.

მოგვიანებით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კეშ პატელმა გამაცხადა, რომ ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელი ტაილერ რობინსონი გასროლიდან, დაახლოებით, 33 საათის შემდეგ დააკავეს.

„აი, რა ხდება, როდესაც კარგ პოლიციელებს პოლიციელებად ყოფნის საშუალებას აძლევ. ვამაყობთ, რომ ერთად ვდგავართ აქ, რათა ჩარლი კირკის ოჯახისთვის სამართლიანობა აღვადგინოთ და მის ხსოვნას პატივი მივაგოთ. დაახლოებით 33 საათში ჩვენ ისტორიულ პროგრესს მივაღწიეთ“, – განაცხადა პატელმა.

FBI-ის დირექტორი პრესკონფერენციაზე ემოციურობით გამოირჩეოდა.

„ჩემს მეგობარს, ჩარლი კირკს: მშვიდად განისვენე, ძმაო. ვალჰალაში შევხვდებით“, – ასე გამოემშვიდობა კეშ პატელი გარდაცვლილ ჩარლი კირკს.