საქართველო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ყატარში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სამინისტროს დელეგაცია ყატარში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა. სამინისტროს დელეგაციას ყატარის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა – შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანმა უმასპინძლა.
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიზიტის ფარგლებში ყატარის მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, ამასთანავე ხაზი გაუსვა ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობისა და ტურიზმის სფეროში.
ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ განზრახულობათა დოკუმენტს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ მოაწერა ხელი. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ყატარის ეროვნული მართვის ცენტრის მუშაობას გაეცნენ.