ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა

შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი თანამდებობაზე არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა და ამის მიზეზი მისი კოალიციური პარტნიორის – „მწვანეთა პარტიის“ მიერ მთავრობის დატოვება და ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა გახდა.

„მე ვუთხარი სპიკერს, რომ გადადგომა მსურდა“, – განუცხადა ანდერსონმა ჟურნალისტებს და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ გახდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, როგორც ერთი პარტიის მთავრობის ლიდერი.

„არსებობს საკონსტიტუციო პრაქტიკა, რომ კოალიციური მთავრობა უნდა გადადგეს, როდესაც ერთი პარტია დატოვებს მას. არ მინდა ვუხელმძღვანელო მთავრობას, რომლის ლეგიტიმურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, – განაცხადა 54 წლის „სოციალ-დემოკრატმა“ მაგადალენა ანდერსონმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე 24 ნოემბერს აირჩიეს – 100 წლის შემდეგ, რაც შვედ ქალებს ხმის მიცემის უფლება მიეცათ.

BBC-ის ცნობით, შვედეთის 349 წევრისაგან შემდგარ პარლამენტში, რიქსდაგში, 174-მა დეპუტატმა მისცა მის წინააღმდეგ ხმა, 117-მა მხარი დაუჭირა, 57-მა თავი შეიკავა, შედეგად კი მან ერთი ხმის უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება.

უპსალას უნივერსიტეტის ყოფილმა ჩემპიონმა ცურვაში, პოლიტიკური კარიერა 1996 წელს დაიწყო, როგორც პრემიერ-მინისტრ გორან პერსონის პოლიტიკურმა მრჩეველმა. ბოლო 7 წლის განმავლობაში იგი შვედეთის ფინანსთა მინისტრი იყო.

მაგდალენა ანდერსონის პრემიერ-მინისტრად არჩევამდე, შვედეთი ერთადერთი სკანდინავიური სახელმწიფო იყო, რომელსაც ქალი პრემიერ-მინისტრი არასოდეს ჰყოლია.

GUARDIAN.GE