ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

შეიარაღებული თავდასხმა რუსეთის სკოლაზე – მოკლული არიან ბავშვები, მასწავლებელი და სკოლის თანამშრომელი ქალი ქალაქ ყაზანის 175-ე სკოლაში

რუსეთის ფედერაციის ქალაქ და თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში 175-ე სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმას 7 ბავშვის – ოთხი ბიჭის და სამი გოგოს და ორი ზრდასრულის – ქალი მასწავლებლის და სკოლის ქალი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჭრილობები აქვს მიღებული კიდევ 21 სხვა ადამიანს, რომელთაგან ცხრამეტი, ბავშვია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები მე-8 კლასელები, დაახლოებით 15 წლის მოზარდები არიან. 19 წლის ეჭვმიტანილი, ყაზანის მკვიდრი ილნაზ გალიავიევი, რომელიც გავრცელებული ცნობებით, ამავე სკოლაში სწავლობდა და რომელსაც იარაღის ტარების უფლება ახლახან ჰქონდა მიღებული, დაკავებულია. თავდასხმისას მას ნახევრად ავტომატური თოფი ჰქონდა თან, რაც რუსეთში შედარებით იაფი, 20 000 რუბლი ღირს – დაახლოებით 280 აშშ დოლარი.

ამავე ტიპის იარაღი გამოიყენა 2018 წელს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში, 19 წალმდე ასაკის მოზარდმა, ტექნიკურ კოლეჯზე თავდასხმისას, როცა მან 20 ადამიანი მოკლა, შემდეგ კი საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც BBC იტყობინება, სკოლებზე შეიარაღებული თავდასხმები ძალზე იშვიათია რუსეთში და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ იქ იარაღის მფლობელობაზე მკაცრი რეგულაციებია დაწესებული.   

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყაზანში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ განაცხადა, რომ იგი იარაღის კონტროლის შესახებ კანონის გამკაცრების საკითხს დააყენებს.

თათრეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რუსტამ მინიხანოვმა სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმას „უდიდესი ტრაგედია“ უწოდა. „ჩვენ ვართ ღრმად დამწუხრებული მომხდარით“, განაცხადა მან.

თავდახმა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 09:20 საათზე დაიწყო. „ყველა პანიკამ მოიცვა და გაისმოდა ხმები – „ჩაკეტეთ კარები“. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ, სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელმა დაიწყო ყვირილი: „ჩვენ ვკეტავთ კარებს“, – უთხრა სკოლის ერთ-ერთმა თვითმხილველმა მოსწავლემ რუსული ახალი ამბების სააგენტო „ტასს“.

„ჩვენ დაახლოებით 15 წუთის შემდეგ გაგვიყვანეს გარეთ, მაგრამ არა ფანჯრების საშუალებით. მე მინდოდა ფანჯრიდან გადახტომა, მაგრამ მასწავლებელმა დაუყოვნებლოივ ჩაკეტა ის და თქვა: არა“, -აღნიშნა თვითმხილველმა მოსწავლემ.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოზე კი ჩანს, როგორ ხტებიან ბავშვები ფანჯრებიდან. რუსული ტელევიზიების ცნობით,  ორი მოზარდი მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტომის შედეგად დაიღუპა.

როგორც პოლიციის წყარომ თვითმხილველებზე დაყრდნობით, სააგენტო „ტასს“ განუცხადა, ელვირა იგნატიევა, ინგლისური ენის 25 წლის მასწავლებელი, იმ დროს დაიღუპა, როცა ის ერთ-ერთ მოსწავლეს გადაეფარა და მის გადარჩენას შეეცადა.

წყაროს ინფორმაციით, მან ბავშვს ხელი დერეფნისკენ ჰკრა და ცდილობდა შეიარაღებულ ახალგაზრდა მამაკაცს გადაღობებოდა, მაგრამ ის ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაიჭრა.

თავისი „ინსატგრამის“ ანგარიშზე, ელვირა იგნატიევა ხშირად ურთავდა ოპტიმისტურ შეტყობინებებს მის ფოტოებს, რომლებიც ფეხით გასეირნებისას იყო გადაღებული.

„შენი ცხოვრების ბედნიერებად ქცევა არც ისე რთულია. უბრალოდ უნდა შეწყვიტო ფიქრი იმაზე, რომ ბედნიერება მხოლოდ სადღაც იქ, მომავალში არის შესაძლებელი და ისწავლო ყოველი კონკრეტული წუთით სიამოვნების მიღება აქ და ახლა“, დაწერა მან 1-ელ თებერვალს სოციალურ ქსელში.

GUARDIAN.GE