მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

შეერთებულმა შტატებმა 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე ტარიფები ორჯერ უფრო მეტად გაზარდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორჯერ უფრო მეტად გაზარდა ტარიფები 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქტებზე. კერძოდ, ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ჩინურ საქონელზე ტარიფები 10%-დან 25%-ამდე გაიზარდა და ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც აშშ-ში ჩასული მაღალი რანგის ოფიციალური პირებისაგან შემდგარი ჩინური დელეგაცია ამერიკულ მხარესთან დონალდ ტრამპის მიერ გასულ კვირას დაანონსებული ტარიფების გაზრდის შესაჩერებლად და სავაჭრო შეთანხმების გადასარჩენად მოლაპარაკებებს მართავდა.

ჩინეთმა განაცხადა, რომ ის „ღრმად წუხს“ ამგვარი ნაბიჯის გამო და თავადაც მიიღებს „საჭირო კონტრზომებს“.

„შეერთებულმა შტატებმა 200 მილიარდი აშშ დოლარის ამერიკაში შემავალ ჩინურ ექსპორტზე გაზარდა ტარიფი 10%-დან 25%-ამდე. იმედს ვიტოვებთ, რომ აშშ-ის და ჩინეთის წარმომადგენლები იმუშავებენ ერთობლივად… რათა არსებული პრობლემები თანამშრომლობის და კონსულტაციების გზით გადაწყვიტონ“, აღნიშნულია ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს ვებგვერდზე.

ვაშინგტონის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა სავაჭრო მოლაპარაკებებში „შეთანხმება დაარღვია“ და აღთქმა დადო, რომ 200 მილიარდის ჩინურ საქონელზე ორმაგ და უფრო მეტ ტარიფებს დააწესებდა.

„მათ დაარღვიეს შეთანხმება… მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება. ასე რომ, ისინი გადაიხდიან“, უთხრა ტრამპმა მხარდამჭერებს ფლორიდაში.

guardian.ge