მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

შეერთებულმა შტატებმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მუჰამედ ჯავად ზარიფის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მუჰამედ ჯავად ზარიფის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო იუწყება, აღნიშნული სანქციები ყინავს ზარიფის ყველა აქტივს ამერიკასა თუ აშშ-ის მიერ კონტროლირებულ ორგანიზაციებში.

„ჯავად ზარიფი ახორციელებს ირანის უზენაესი ლიდერის (აიათოლა ალი ხამენეის) უგუნურ დღის წესრიგს“, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა.

ზარიფმა კი „ თვითერზე“ დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა მის წინააღმდეგ სანქციები იმიტომ დააწესა, რომ ვაშინგტონი მას თავისი დღის წესრიგის საფრთხედ მიიჩნევს.

აშშ-ს და ირანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ წელს ირანთან 2015 წელს დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ბოლო პერიოდშიი კი სპარსეთის ყურეში მომხდარი რამდენიმე ინციდენტი წარმოშობს იმის წუხილებს, რომ დაძაბულობა შესაძლოა სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს.

guardian.ge