საქართველო

შარლ მიშელი: საქართველოში პოლიტიკური კრიზისი უკანაა მოტოვებული

განსაკუთრებით ნასიამოვნები ვარ საქართველოში ვიზიტით. პოლიტიკური კრიზისი უკანაა მოტოვებული და ეს ახალ დასაწყისს აღნიშნავს, დასაწყისს მძიმე შრომისა, რაც წაიყვანს საქართველოს წინ თავის ევრო-ატლანტიკურ გზაზე, – აღნიშნულ განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

„მინდა მივულოცო ქართველ ლიდერებს ამ შეთანხმების მიღწევა. კომპრომისი ევროპული სიძლიერეა. ის არ არის სისუსტე…

მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მისი სიბრძნისა და სახელმწიფოებრიობისათვის და პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილს, მისი ხელმძღვანელობისათვის.

ეს შეთანხმება გაცილებით მნიშვნელოვანია მოცემული რთული რეგიონული მდგომარეობის გათვალისწინებით. ევროკავშირი ღრმად არის შეშფოთებული უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების მზარდი გაფართოებით და ყირიმის არაკანონიერი ანექსიით.


მე აქ ასევე იმისათვის ვიმყოფები, რომ ეჭვგარეშეა: ევროკავშირის ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისადმი ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს ყოფილა“, აცხადებს მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა და იგი ქვეყნიდან დღეს, დილით გაემგზავრა.

გვიან ღამით, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართა.