საქართველო

შარლ მიშელი: „დავინახე ყველა პოლიტიკურ აქტორში დისკუსიის სურვილი, წინ წაწევა და ჩიხის გარღვევა მოხდეს“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ „ფეისბუქზე“ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი მოწვევით გამართული შეხვედრისას მან დაინახა „ყველა პოლიტიკურ აქტორში დისკუსიის სურვილი, წინ წაწევა და ჩიხის გარღვევა მოხდეს“.

მიშელი მარტის შუა პერიოდში, ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს, ელოდება ინფორმაციის მიღებას იმის შესახებ, თუ რა პროგრესი იქნება მიღწეული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის „სხვადასხვა რთულ საკითხზე“.

„ჩემი ვიზიტი საქართველოში სულ მცირე თვალების ამხელი იყო.

„ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი სამხრეთ ოსეთთან იმის დამადასტურებელი იყო, რომ ევროკავშირის ყოფნა ზოგჯერ საჭიროებაზე უფრო მეტია; ის არის ერთადერთი იმედი, რომელიც ამ რეგიონს სჭირდება. ლითონის მავთულხლართებით გავლებული ღობეები ყოფს ოჯახებს, არ აძლევს ბავშვებს სკოლაში წასვლის საშუალებას. ეს მიუღებელია.

„მე კიდევ ერთხელ მტკიცედ ვადასტურებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას.

„პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზაცია ქვეყანაში უაღრესი წუხილის საგანია ევროკავაშირისა და პირადად ჩემთვის. მიუხედავად ამისა, მე ვიგრძენი დღეს ყველა პოლიტიკურ აქტორში დისკუსიის სურვილი, რომ წინ წაწევა და ჩიხის გარღვევა მოხდეს. ყველა მხარესთან შეხვედრის შემდეგ, მე მოვიწვიე შეხვედრა, სადაც ყველა ერთ მაგიდას ეჯდა და სადაც სპონტანური და ღია დებატები წარიმართა. ევროკავშირის პრიორიტეტი ყოველთვის იყო საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ვიცით, რომ სამუშაო, რომელიც რჩება, უნდა შესრულდეს. ამაღამ მე ამაყი ვარ, რადგან გადადგმულია კარგი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით.

მე გადავწყვიტე გავმართო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა ბრიუსელში, მარტის შუა რიცხვებში. ის იქნება შეხვედრის ადგილი იმისათვის, რომ განვიხილოთ რა პროგრესი იქნა მიღწეული სხვადასხვა რთულ საკითხზე.

მადლობა საქართველოს უთბილესი მიღებისა და მასპინძლობისთვის“, წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

GUARDIAN.GE