საქართველო

შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი: „ქართული ოცნების“ წინადადებით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს

2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული შეთავაზების თანახმად, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს მოქმედი პროპორციული ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილ ახალ დოკუმენტში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„მხარეები ითვალისწინებენ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, ზოგადად, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება“.

მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატების მიღებასა და მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე ზემოთ მოცემული შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად.

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია“, – ნათქვამია დოკუმენტის მე-5 პუნქტში.

შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვითვე, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

„საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში, განიხილონ პოლიტიზებულად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რაც ექვივალენტურ შედეგს გამოიმუშავებს.

კერძოდ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულისთვის. უფრო მეტიც, პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში, მოითხოვონ უბრალო უმრავლესობაზე მაღალი ზღვარი, სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის დროს“, – წერია დოკუმენტში.