საქართველო

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობიდან“ თავმჯდომარის წასვლა მიუთითებს, რომ ამ პარტიაში რაღაც კარგად არ მიდის

ფაქტი, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პარტიიდან წავიდა, იმაზე მიუთითებს, რომ ამ პარტიაში რაღაც კარგად არ მიდის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ამის ნიშნები ხომ გვქონდა?! სხვა პარტიების წარმომადგენლები ხომ ამბობდნენ, ამასთან დაკავშირებით რაღაც სიგნალები ხომ იყო და მოდით, საზოგადოება დავფიქრდეთ, თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც დაფიქრდნენ, რა ხდება მათ პარტიაში და უფრო სახელმწიფოებრივად იფიქრონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა ალტერნატიული შეთავაზება აქვს მმართველ გუნდს ოპონენტებისთვის, რადგან ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის შეთავაზებას არ თანხმდება, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ ოპონენტებს სთავაზობს, არის სიმართლის დადგენა.