საქართველო

შალვა კიკნაველიძე: ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს უწყვეტ პროცესს, რომელშიც მიღწეული პროგრესის მიუხედავად, სახელმწიფო მუდმივად უნდა მიისწრაფოდეს სტანდარტის შემდგომი გაუმჯობესებისკენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე ერთ-ერთ წინა სხდომაზე განხილული სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თემას შეეხო.

„სახალხო დამცველი მოვიდა სპეციალური ანგარიშით კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ასევე სპეციალური ანგარიში წარმოადგინა იუსტიციის მინისტრმა პენიტენციურ სისტემებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კომიტეტმა ორივე მხარის მოსაზრებები მოისმინა. პენიტენციურ სისტემაში არ იკვეთება სისტემური ხასიათის დარღვევები, რის გამოც ვერ გავიზიარებთ სახალხო დამცველის ანგარიშში მოცემულ შეფასებას. განსაკუთრებით ხაზგასმული იყო კრიმინალური სუბკულტურების მიერ ციხეების მართვისა და ძალადობის წარმოუდგენელ მასშტაბებზე. კომიტეტი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს უწყვეტ პროცესს, რომელშიც მიღწეული პროგრესის მიუხედავად, სახელმწიფო მუდმივად უნდა მიისწრაფოდეს სტანდარტის შემდგომი გაუმჯობესებისკენ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

კომიტეტის დასკვნის შინაარსს კომიტეტის წევრები ეთანხმებიან, რაც დეპუტატებმა კენჭისყრისას მხარდაჭერით გამოხატეს.

დღესვე კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა კიკნაველიძემ აღნიშნა, აღნიშნული ჯგუფი სახალხო დამცველის წინადადებებისა და რეკომენდაციების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს.

დეპუტატებმა მთავრობის ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქის“ გაერთიანების შედეგად შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ციფრული მმართველობის სააგენტო.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ეს ელექტრონული სერვისების მომხმარებელთა სწრაფი ზრდისა და ელექტრონული მმართველობის მნიშვნელოვანი პროგრესის ფონზე, ხელს შეუწყობს საქართველოში ციფრული მმართველობის განვითარებასა და სერვისების ელექტრონულად გაცემას „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.