აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი პირველი მაისის სასამართლოს მოსამართლის, ადილბეგ სუბანკულოვის გადაწყვეტილებით, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. იგი იქ 26 აგვისტომდე დაჰყოფს. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ ატამბაევის ადვოკატ სერგეი სლასარევზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, ატამბაევს წინასწარი პატიმრობა კრიმინალური ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის უკანონო გათავისუფლების საქმეზე მიესაჯა.

ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტი ძალოვანებს ხუთშაბათს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ჩაბარდა. იგი ბიშკეკში, ჯერ ქვეყნის შინაგან სამქეთა სამინისტროში, შემდეგ კი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის შენობაში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ექსპრეზიდენტის დასაკავებლად მის სახლში სპეცრაზმი მივიდა. სახლთან მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სპეცრაზმს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ კი მხარდამჭერებს სპეცრაზმი რეზინის ტყვიებით გაუსწორდა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

ექსპრეზიდენტს ბრალი კორუფციაში ედება. ალმაზბეკ ატამბაევი ქვეყანას 2011-2017 წლებში მართავდა.

guardian.ge