აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ყაზახეთის პრეზიდენტმა დახმარებისთვის ОДКБ-ს მიმართა

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ტერორისტული საფრთხეების დასაძლევად დახმარებისთვის ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურებს მიმართა. „ОДКБ-ის პარტნიორებისთვის დახმარების მიმართვას დროულად და სათანადოდ მივიჩნევ“, – განაცხადა თოყაევმა, როგორც ამას Sputnik Казахстан-ი იუწყება.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში – ОДКБ – შედიან: რუსეთი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს თოყაევმა შიდა აგრესია უწოდა. მისი თქმით, ტერორისტები იარაღით იკავებენ შენობებს, თავს ესხმიან სამხედრო სასწავლებლების კადეტებს და ახლა ბრძოლები ალმათიში ტერორისტულ ბანდებსა და საჰაერო-სადესანტო ჯარებს შორის მიმდინარეობს.

„ტერორისტული ბანდები არსებითად საერთაშორისოა. მათ სერიოზული მომზადება გაიარეს საზღვარგარეთ და მათი თავდასხმა ყაზახეთზე შეიძლება განვიხილოთ და უნდა განვიხილოთ, როგორც აგრესიის აქტი“, – თქვა თოყაევმა, რომლის განცხადების ტრანსლირება სახელმწიფო ტელეარხ „ხაბარ 24“-ით გადაიცა.

მოქალაქეებისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა შესაძლებელ ნაბიჯს დგამს ყაზახების სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად.

ოთხშაბათს, 5 იანვარს კი, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს ნურსულთან ნაზარბაევის ნაცვლად თავად უხელმძღვანელებს.

ნაზარბაევმა უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა, 2019 წელს, პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც განაგრძო. იგი ასევე მმართველი პარტიის „ნურ ოტანის“ თავმჯდომარეა და „ელბასის“ – „ერის მამის“ საპატიო ტიტულს ატარებს.

ახალი წლის დღეებში, საწვავზე ფასის გაძვირების გამო დაწყებული ანტისამთავრობო პროტესტი 5 იანვარს ყაზახეთის მთავარ ქალაქ ალმათიში მერიის ოფისში შეჭრით გაგრძელდა. პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზისა და ხმოვანი ყუმბარების გამოყენების მიუხედავად, დემონსტრანტებმა მაინც შეძლეს მერიის შენობაში შეღწევა.

ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, 5 იანვარს ათასობით ადამიანი ისევ გამოვიდა ქუჩებში. 4 იანვარს, პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა და განაცხადა, რომ საწვავზე არსებული დაბალი ფასები აღდგებოდა.

ნავთობით მდიდარ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელსაც 1991 წლიდან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პრეზიდენტის რანგში, ნურსულთან ნაზარბაევი (მანამდე იგი ყაზახეთის ცენტრალური კომიტეტის – ცეკას პირველი მდივანი იყო) მართავდა, ვიდრე 2019 წელს არ გადადგებოდა, პროტესტი იშვიათობაა.

ალმათის, ყაზახეთის ყოფილი დედაქალაქის გარდა, დიდი დემონსტრაციები სხვა რამდენიმე ქალაქშიც გაიმართა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ალმათიში, დედაქალაქ ნურ-სულთანში და დასავლეთ პროვინცია მანგისტაუში. პრეზიდენტმა ასევე მთავრობის დათხოვნის განკარგულება გამოსცა. დროებითი მთავრობის ახალ მეთაურად პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალიხან სმაილოვი დაინიშნა.

4 იანვარს, ვიდეომიმართვისას, ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროტესტანტების მიერ სამთავრობო ოფისებზე თავდასხმები „აბსოლუტურად არაკანონიერი“ იყო.

ყაზახეთში დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გამოყენებად თხევად გაზზე ფასების შეზღუდვის მოხსნამ სამომხმარებლო ფასების ზრდა გამოიწვია. პრეზიდენტმა თოყაევმა 4 იანვარს, გვიან ღამით, „თვითერზე“ დაწერა, რომ „ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“ საწვავზე დაბალი ფასი აღდგებოდა.

GUARDIAN.GE