აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ყაზახეთის პარლამენტმა ქვეყნის დედაქალაქ ასტანასთვის „ნურსულთანის“ დარქმევას მხარი დაუჭირა

ყაზახეთის პარლამენტმა ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე ორი მოსმენით მხარი დაუჭირა ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, კასიმ ჟომარტ ტოკაევის წინადადებას დედაქალაქ ასტანასთვის სახელის გადარქმევის და მისთვის “ნურსულთანის“ დარქმევის თაობაზე.

კასიმ ჟომარტ ტოკაევმა ყაზახეთის პრეზიდენტის პოსტზე ფიცი ოთხშაბათს დადო, ერთი დღის შემდეგ, რაც 78 წლის ნურსულთან ნაზარბაევმა 30-წლიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობა მოულოდენლად დატოვა.

ტოკაევი, რომელიც სენატის სპიკერი იყო, კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტის პოსტს დროებით, მომავალ არჩევნებამდე, 2020 წლის აპრილამდე დაიკავებს.

საინაუგურაციო სიტყვაში ტოკაევმა ქება-დიდება შეასხა ნაზარბაევს და მას „ბრწყინვალე რეფორმატორი“ უწოდა, ამავე დროს გამოვიდა მოწოდებით დედაქალაქ ასტანას, „ნურსულთანი“ ეწოდოს.

„გთავაზობთ წინადადებას, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას პირველი პრეზიდენტის პატივსაცემად სახელი შეეცვალოს“, განაცხადა მან.

65 წლის ტოკაევმა აღთქმა დადო, რომ გააგრძელებს ნაზარბაევის პოლიტიკას და რეგულარულად მიიღებს მისგან რჩევებს.

ინაუგურაციის შემდეგ ტოკაევის სხვა პირველ ნაბიჯებს შორის იყო ის, რომ ნაზარბაევის ქალიშვილი, დარიგა, სენატის სპიკერად დაასახელა. ამგვარი ნაბიჯი კი წარმოშობს იმის ვარაუდებს, რომ მომავალში იგი შესაძლოა პრეზიდენტის შემცვლელი იყოს.

78 წლის ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტის პოსტიდან სამშაბათს, 19 მარტს, გადადგა. წინასწარ ჩაწერილ სატელევიზიო მიმართვაში ნაზარბაევმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „მარტივი არ ყოფილა“.

იგი 1990 წელს ნავთობით მდიდარი ქვეყნის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დღემდე უკონკურენტო ლიდერი იყო და დამოუკიდებლობს მოპოვების შემდეგ არაერთ არჩევნებში – 1999, 2005, 2011 და ბოლოს 2015-ში აბსოლუტური უპირატესობით გაიმარჯვა.

ნაზარბაევი ფოკუსირებული იყო ეკონომიკურ რეფორმებზე მაშინ, როცა წინააღმდეგობას სწევდა პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციის ნაბიჯების გადადგმაზე.

„გადავწყვიტე უარი ვთქვა ჩემს, როგორც პრეზიდენტის ძალაუფლებაზე“, განაცხადა ნაზარბაევმა სატელევიზიო მიმართვისას.

1940 წელს დაბადებული ნაზარბაევი 1990 წელს პრეზიდენტად არჩევამდე საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებში შემავალი ყაზახეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო.

უზარმაზარ ქვეყანას, ყაზახეთს, რომელიც დასავლეთ ევროპის ზომისაა, ძალიან ფართო მინერალური რესურსები და უაღრესად დიდი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, ნავთობის სექტორში განხორციელებულმა დიდმა ინვესტიციებმა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა განაპირობა და 1990-იან წლებში სიმდიდრის მხრივ არსებული მკვეთრი უთანასწორობა შეამცირა.

guardian.ge