საქართველო

ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი კომპლექსის მშენებლობა „ევრონიუსმა“ გააშუქა

ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი კომპლექსის მშენებლობა „ევრონიუსმა“ გააშუქა. ტელეკომპანიამ დეტალურად მიმოიხილა ინოვაციური პროექტი, რომელიც 100 ჰა ფართობზე განთავსდება, განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე 300-დან 1000-მდე ადგილობრივი სპეციალისტებით დასაქმდება და ამოქმედებიდან 18 თვის თავზე საწარმო შეძლებს 5000 ელექტრომობილის გამოშვებას. პროდუქციის ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო ნაწილი ევროკავშირისა და სხვა ბაზრებზე განთავსდება.

„ევრონიუსმა“ ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმოს პროექტზე ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძესა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას. „ჩვენ ვაწარმოებთ ელექტრომობილებს ისტორიაში პირველი ქართული სავაჭრო ნიშნით, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს პროექტი ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ასევე, გულისხმობს, რომ საქართველო გახდება რეგიონში პიონერი ეკო-მეგობრული მწვანე ტექნოლოგიების, კერძოდ, ელექტოავტომობილების წარმოების თვალსაზრისით,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.