აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ქიმიური იარაღის საერთაშორისო ინსპექტორებს სირიაში ნებას დართავენ იმ ტერიტორიაზე შევიდნენ, სადაც სავარაუდო ქიმიური თავდასხმა მოხდა

ქიმიური იარაღის ინსპექტორებს სირიაში ნებას დართავენ იმ ტერიტორიაზე შევიდნენ, სადაც 7 აპრილს სავარაუდო ქიმიური თავდასხმა მოხდა, განაცხადა რუსეთმა.

ინსპექტორთა საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც ქვეყანაში შაბათის შემდეგ იმყოფება, დუმაში ვიზიტის საშუალება ამ დრომდე არ მიეცა.

7 აპრილის თავდასხმამ, შაბათს გამთენიისას სირიის სამთავრობო სამიზნეებზე შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საჰაერო დარტყმები განაპირობა.

სირია და მისი მოკავშირე რუსეთი კატეგორიულად უარყოფენს ქიმიურ თავდასხმას.

სამშაბათს, სირიის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰომსში სარაკეტო დარტყმას უპასუხეს. მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმის სამიზნე შაირათის საჰაერო ბაზა იყო.

სხვა ცნობებით, რომელსაც პრო-ირანული „ჰეზბოლას“ მილიცია ავრცელებს, სირიის საჰაერო ძალებმა სამი რაკეტის მოქმედება აღკვეთეს, რომელთა სამიზნე დედაქალაქ დამასკოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დუმაირის სამხედრო აეროპორტი იყო.

პენტაგონის წარმომადგენელმა „როიტერსს“ განუცხადა: „აღნიშნულ ადგილას ამ დროს შეერთებული შტატების სამხედრო აქტივობები არ ხორციელდება“.

როგორც BBC იუწყება, ისრაელი, რომელმაც 2012 წლის შემდეგ მრავალჯერ განახორციელა სირიის სამიზნეებზე თავდასხმები, მისი მხრიდან დარტყმების მცდელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ისრაელი იშვიათად აღიარებს სირიაზე დარტყმების განხორციელებას.