მსოფლიოს ახალი ამბები

ქვეყნები, სადაც ბავშვებს „კოვიდ“-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ცრიან

დიდი ბრიტანეთის მთავარი სამედიცინო ექსპერტების რჩევის შემდეგ, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი ხდება. მედიცინის მუშაკების რეკომენდაციაა, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში „ფაიზერის“ ერთი დოზა იყოს შეთავაზებული.

უფრო ადრე, მაისში, ევროპის მედიცინის სააგენტომ „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება უკვე დაამტკიცა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. მას შემდეგ, ევროპის ქვეყნებმა სხვადასხვა დროს მიიღეს გადაწყვეტილება ბავშვების „ფაიზერით“ იმუნიზაციის შესახებ.

ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს, რომლის თარგმანს GUARDIAN.GE გთავაზობთ.

დანიამ (12-დან 15 წლამდე ასაკი) და ესპანეთმა (12-დან 19 წლამდე ასაკი) უკვე თავიანთი ქვეყნების ბავშვების უმეტესობა აცრეს, სულ მცირე ერთი დოზით. საფრანგეთში 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების 66% ერთი დოზით, ხოლო 52% ორი დოზით არის აცრილი. ოქტომბრისთვის, უკვე 18 წლამდე მოზარდებისთვისაც საჭირო გახდება ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის ქონა ან კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი კინოთეატრებში, მუზეუმებში, რესტორნებში და დახურულ სავაჭრო ცენტრებსა თუ მაღაზიებში შესასვლელად.

ივნისში, გერმანიის მეცნიერებმა რეკომენდაცია გასცეს, რომ ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში მხოლოდ მათთვის უნდა ყოფილიყო შეთავაზებული, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები გააჩნდა. მაგრამ აგვისტოში, მას შემდეგ რაც კოვიდის „დელტა“ ვარიანტმა უფრო ფართო გავრცელება დაიწყო მთელ მსოფლიოში, გერმანელმა მეცნიერებმა პირვანდელი რჩევა შეცვალეს და იმუნიზაცია ყველასთვის საჭიროდ მიიჩნიეს, ვინც 12 წელს ზემოთ ასაკისაა.

შვედეთში 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინა მხოლოდ მათთვისაა დასაშვები, ვისაც ფილტვის დაავადება, მწვავე ასთმა ან სხვა მაღალი რისკის სამედიცინო მდგომარეობა აქვს.

ნორვეგიაში, რომელიც ევროკავშირში არ შედის, ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ახლახან გახდა დასაშვები, თუმცა მხოლოდ ერთი დოზის, მეორე დოზის დასაშვებობაზე გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული.

აშშ – სავალდებულო ვაქცინაცია

მაისში, ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის რეგულატორები პირველები იყვნენ, რომელთაც „ფაიზერის“ ვაქცინა 12 წლის და უფრო მეტი ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცეს და აშშ-ში მოზარდებში ვაქცინაცია დაუყოვნებლივ დაიწყეს. პირველი დოზის მიღების შემდეგ, მეორე დოზის გაკეთებამდე 3-კვირიანი პერიოდი განისაზღვრა. ივლისის ბოლომდე 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების 42%-ს უკვე მიღებული ჰქონდა პირველი დოზა, ხოლოს 32%-ს ორივე დოზა – „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინები.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კოვიდის შედეგად ჰოსპიტალიზებული ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი 3.4-დან 3.7-ით უფრო მეტია იმ შტატებში, სადაც ვაქცინაცია უფრო დაბალი ტემპებით მიმდინარეობს.

შეერთებული შტატების რამდენიმე სკოლის სამეურვეო საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას, რომ 12 წლის და უფრო მეტი ასაკის ბავშვებისთვის, საკლასო ოთახებში გაკვეთილებზე დასასწრებად, ვაქცინის გაკეთება სავალდებულო გამხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მშობელი ამის წინააღმდეგი იყო.

ამასობაში, „ფაიზერმა“ ‘კოვიდ-19“-ის ვაქცინის ტესტირება უფრო მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებში დაიწყო. მოელიან, რომ 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში კვლევის პირველი შედეგები სექტემბერში გახდება ცნობილი, ხოლო 6 თვის ასაკიდან 4 წლამდე ბავშვებში წლის ბოლომდე იქნება შედეგები ცნობილი.

ჩინეთში ვაქცინა 3 წლის და უფრო მეტი ასაკის ბავშვებისთვის დამტკიცდა

ივნისში, ჩინეთმა 3-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში „სინოვაკით“ ვაქცინის გადაწყვეტილება მიიღო და პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც იმუნიზაცია ასეთი მცირე ასაკიდან დაუშვა. ჩინეთს განზრახული აქვს, თავისი 1.4 მილიარდი მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე და ამ პროცენტულ მაჩვენებელში ბავშვებიც შედიან.

თეორიულად კოვიდით ვაქცინაცია ნებაყოფლობითია ჩინეთში, მაგრამ ზოგიერთი პროვინციის ადგილობრივმა მთავრობამ განაცხადა, რომ სტუდენტებს საკლასო ოთახებში დაბრუნების საშუალება არ ექნებათ, თუკი მთელი ოჯახი სრულად, ორივე დოზით არ იქნება აცრილი.

„სინოვაკის“ ვაქცინა ასევე ფართოდ არის გამოყენებული აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ბევრ ქვეყანაში.

ჩილეში უკვე მისი გამოყენება 6 წლის ასაკიდან დამტკიცდა, მაშინ როცა კომპანიამ ახლახან დაიწყო „სინოვაკით“ კლინიკური ცდები სამხრეთ აფრიკაში 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ინდოეთი – მთავარი პრიორიტეტი ზრდასრულების აცრაა

ინდოეთს ზრდასრული მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობა ჰყავს – „იუნისეფის“ თანახმად, 253 მილიონი ადამიანი. ეროვნული სეროლოგიური ანგარიშის მიხედვით, პანდემიის დაწყების შემდეგ, ბავშვების დაახლოებით 60% სავარაუდოდ, კორონავირუსით იყო ინფიცირებული და მოსალოდნელია, რომ წარსულში გადატანილი დაავადების შედეგად მათ გარკვეული იმუნიტეტი ჩამოუყალიბდათ.

აგვისტოში, ქვეყნის წამლის რეგულაციის სააგენტომ ადგილობრივი წამლის ფირმის, „ზიდის კადილას“ მიერ შექმნილი ვაქცინა 12 წლის და უფრო მეტი ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა. ეს ვაქცინა სამ დოზად უნდა იყოს გადანაწილებული და ნაცვლად ტრადიციული შპრიცის გამოყენებისა, ის აპლიკატორით (მედ. ღრუში სამკურნალო საშუალების შესაყვანი ხელსაწყო) კეთდება. კომპანიამ განაცხადა, რომ მალე დაიწყებს ცდებს 2 და უფრო მეტი ასაკის ბავშვებში.

მთავრობის სამეცნიერო მრჩეველებმა განაცხადეს, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია შესაძლოა ოქტომბერში დაიწყოს, მაგრამ პროცესი მას შემდეგ გაფართოვდება, რაც ზრდასრულთა პროგრამა დასრულდება. მოელიან, რომ ეს წლის ბოლოს მოხდება.