ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ქარიშხალი „კიარა“: დიდ ბრიტანეთში ათეულობით შიდა და საერთაშორისო ავიარეისი გაუქმდა

ქარიშხალ „კიარას“ მოახლოების გამო დიდ ბრიტანეთში ავიახაზებმა ათეულობით შიდა და საერთაშორისო რეისი გააუქმეს. შაბათ-კვირისთვის ამინდის გაუარესების შესახებ მწვავე გაფრთხილებები გაიცა. ქარის სიჩქარე ბრიტანეთში 80მ/სთ-ს (130კმ/სთ) მიაღწევს, ასევე მოსალოდნელია თავსხმა წვიმაც.

როგორც BBC  იუწყება, რამდენიმე სარკინიგზო კომპანიამ დაჟინებით მოუწოდა მგზავრებს თავი შეიკავონ გადაადგილებისაგან. მატარებლები კვირას შემცირებული განრიგით და შეზღუდული სიჩქარით იმოძრავებენ. ასევე შეფერხებით იმუშავებს საბორნო გადაზიდვები.

ჰიტროუს აეროპორტმა გამოაცხადა, რომ მათ თავისი ავაიახაზების პარტნიორებთან ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ „გააერთიანონ“ კვირის ფრენების განრიგი, რათა რეისების გაუქმება მინიმუმამდე შეამცირონ.

„ბრიტანეთის ავიახაზებმა“ განაცხადა, რომ იგი ლონდონის ჰიტროუს, ლონდონის გეტვიკის და ლონდონ სიტის აეროპორტებისკენ მომავალ და ამ აეროპორტებიდან მიმავალ ყველა შიდა და საერთაშორისო ფრენის მგზავრს მოქნილ გადაჯავშნის არჩევანს სთავაზობს.

„ვირჯინ ატლანტიკმა“ თავის ვებგვერდზე რამდენიმე გაუქმებული რეისის შესახებ განათავსა ინფორმაცია.

70მ/სთ სიჩქარით მოძრავმა ძლიერმა ქარმა უკვე შექმნა სამგზავრო შეფერხებები შოტლანდიაში. რამდენიმე ხიდი დაიკეტა დიდი ზომის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

მეტეოროლოგიურმა ოფისმა განაცხადა, რომ ახლანდელი ნალექიანი და ქარიანი ამინდი ქარიშხალ „კიარას“ მხოლოდ „შესავალია“.

BBC -ის ცნობით, გაფრთხილების ყვითელი დონეა გამოცხადებული ინგლისის უმეტეს ნაწილსა და უელსში კვირას, ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 21:00 საათამდე. მეტეოროლოგების რჩევაა ადამიანები მოერიდონ გარეთ გასვლას, რადგან ქარის მიერ გადაადგილებულმა სხვადასხვა ნამტვრევებმა და დიდი ზომის ტალღებმა მათ სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.

ამინდის გაუარესების გამო გაფრთხილების ყვითელი დონე ახლა მთელ დიდ ბრიტანეთზე ვრცელდება, ხოლო ძლიერი წვიმის საფრთხის ყვითელი დონე შოტლანდიის ზოგიერთ ნაწილს ეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია წყალდიდობის შედეგად სახლები და ბიზნესისთვის გამოყოფილი ადგილები დაიტბოროს და გზების ზოგიერთ მონაკვეთზე გადაადგილება გაუვალი გახდეს.

guardian.ge