საქართველო

ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა, რომ ქართულ მიწაზე პირველი ებრაელები 26 საუკუნის წინ დასახლდნენ და მას შემდეგ ჩვენ ერთობლივად ვქმნით ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას და ვამდიდრებთ, როგორც – ებრაულ, ისე ქართულ კულტურას, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას მიეძღვნა.

პრემიერის შეფასებით, მსოფლიოში უნიკალური ფენომენის – ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის აღიარება არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად და ეროვნულ კატეგორიაში მისი გადაყვანა ყველა ქართველისთვის და ყველა ებრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის ჩვენი საერთო ზეიმი. გამორიცხულია, 26-საუკუნოვანი მეგობრობა არსებობდეს უდიდესი სიყვარულის გარეშე. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში არ ყოფილა და არ არის ანტისემიტიზმი, საქართველოში გაცილებით მეტი რამ ხდება, ვიდრე ანტისემიტიზმის არარსებობაა – ორ ერს შორის არის უდიდესი სიყვარული და განვლილი ამხელა პერიოდი ამაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ეს სიყვარული ყოველთვის იყო ორმხრივი და ამის თვალსაჩინო დასტურია კულტურულ-საგანმანათლებლო და რელიგიური კერების არსებობა წმინდა მიწაზე. თუნდაც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მაგალითი რად ღირს. სათქმელი ძალიან ბევრია“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ორ ერს შორის არსებული მეგობრობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა ისიც, რომ ქართული მიწის შვილი, შაფთაი ცური საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მეორედ არის წარგზავნილი.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართველი და ებრაელი ხალხის დამეგობრებაში, მათ შორის ჯამლეტ ხუხაშვილს, რომლის მოღვაწეობა ქართულ-ებრაული მეგობრობის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად შეაფასა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე მიმართა იუნესკო-ს, რათა ეროვნული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე აღიარება მოხდეს.

„მნიშვნელოვანია, ხვალ უკვე არ ვისაუბროთ 26-საუკუნოვან მდიდარ ისტორიაზე, არამედ დღევანდელი დღე გახდეს დასაბამი შემდგომი კიდევ უფრო ღრმა, კიდევ უფრო ლამაზი და გამდიდრებული ორმხრივი მეგობრობისა. ძალიან დიდი სიხარულით გილოცავთ ყველას ამ დღესასწაულს. მეც თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ დღეს, ჩემს გულში უდიდესი სიხარულია. ეს დღე არის უამრავი ადამიანის ღვაწლის, თავგანწირვისა და ერთმანეთის გადარჩენისათვის ბრძოლის ლოგიკური გამოხატულება. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პატარა ბინაში ვცხოვრობდით, საძინებელი იყო დედაჩემის კაბინეტში და ისე გავიზარდე, რომ ჩემს პირდაპირ თაროზე წინ იყო გამოდებული ჯემალ აჯიაშვილის ლექსების კრებული, რამაც ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. რა თქმა უნდა, ჯემალ აჯიაშვილი იყო როგორც ქართული, ისე ებრაული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.