საქართველო

ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ ერთობლივ პროექტებს განახორციელებს

ქართული  კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდთან „ათინათი“ თანამშრომლობას იწყებს. შესაბამის მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვლმა და ფონდის დირექტორმა ანა ალავერდაშვილმა მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში, ფონდი „ათინათი“ ქართულ კულტურასა და ხელოვნებას პოპულარიზაციას გაუწევს საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით, ფონდი მოამზადებს სხვადასხვა შემეცნებით ვიდეო-რგოლს და სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას განათავსებს მედია პლატფორმაზე – https://www.atinati.com. ასევე, სოციალური მედიის გვერდებზე: https://www.facebook.com/,  https://www.instagram.com/,  https://www.youtube.com/.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდთან „ათინათი“ საგანმანათლებლო მიმართულებითაც ითანამშრომლებს – ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები უკვე განიხილეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ფონდის დამფუძნებელმა ნათია ხუნტუამ. 

ფონდი „ათინათი“  არაერთ კულტურულ და  საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორის: საგანმანათლებლო პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ქართველი ბავშვებისთვის, რომელიც  ქართული ენის შესწავლის მიზნით, ანიმაციური კურსის შექმნას გულისხმობს.