საქართველო

ქართული არმია დაარსებიდან 27 წლის იუბილეს აღნიშნავს

დღეს ქართული არმია დაარსებიდან 27 წლის იუბილეს აღნიშნავს. მთავარი ღონისძიება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე გაიმართა.

წელს ქართული არმია პროფესიულ დღეს სიახლეებით ხვდება. სამწყობრო მოედანზე წარმოდგენილ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა გვარეობის ქვედანაყოფს შორის იყო IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი, ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძის მეთაურობით. ეს პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც მაისიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მასშტაბურ წვრთნებს დაიწყებს. GDRP ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

სამწყობრო მოედანზე გამოფენილ შეიარაღებასა და ტექნიკას შორის მოწვეულ სტუმრებს პირველად ჰქონდათ საშუალება საქართველოს შეიარაღებაში არსებული ჯაველინის ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა და შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის პირადი შემადგენლობის მიერ აწყობილი სახანძრო დანიშნულების მუხლუხიანი ჯავშანმანქანა ენახათ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალი ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის შემკობით დაიწყო. საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ სამხედროებს პატივი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გმირების ოჯახის წევრებთან ერთად მიაგეს. შემდეგ კი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კურთხევაზე გადაინაცვლეს.

მთავარი ღონისძიება IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ჩატარდა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა გვარეობის ქვედანაყოფი იყო წარმოდგენილი. ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც. სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები – „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“ გადაეცათ.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.