საქართველო

ქართველმა ძიუდოისტებმა, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ძიუდოისტებმა, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, სასტუმრო „ბილტმორში” მიმდინარე ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, რომფედერაციის პრეზიდენტი ძიუდოისტების შეკითხვებს არ პასუხობდა.

„მწვავე კითხვები დავსვით, რაზეც პასუხები ვერ მივიღეთ. ყველას ვთხოვთ, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ. დავით ქევხიშვილს ვთხოვთ, ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღოს და ცხოვრების ბოლომდე მეგობრები დავრჩებით”, განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ძიუდოს ფედერაციის ყრილობა სასტუმრო „ბილტმორში“, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყრილობაზე დღის წესრიგით გათავალისწინებულია ორი საკითხის განხილვა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ძიუდოს ფედერაციაში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომისიაში კულტურის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები გაერთიანდებიან.

მიხეილ გიორგაძის თქმით, კომისია ვითარებაში გარკვევის შემდეგ, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„შევთანხმდით, რომ ერთობლივი კომისია ჩამოყალიბდა. კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს მხრიდან ვიქნები მე და ჩემი მოადგილეები, აგრეთვე მიხეილ ყაველაშვილი, შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. იმ კომპეტენციიდან და პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ამ ინსტიტუციებს აქვთ, გადაწყვეტილება იქნება მიღებული. უახლოეს დღეებში მოხდება ამ საკითხების შესწავლა და შედეგებს, შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც კომისია მიიღებს, საზოგადოებას მივაწვდით. გადაწყვეტილებები მალე იქნება ცნობილი. სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე, ამ პროცესს არ გავაჭიანურებთ“, განაცხადა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.