საქართველო

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშეს შტაბის ბიუროს ხელმძღვანელი, მასტერ სერჟანტი, ვლადიმირ კნაუბი დახვდნენ. მათ ჯარისკაცებს მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს, მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 7 თვის განმავლობაში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ქართველი სამხედროების მთავარ ამოცანას ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება წარმოადგენდა.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქვედანაყოფი როტაციის წესით I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულმა ჩაანაცვლა.