საქართველო

ქალაქ გარდაბნის ახლადაღდგენილი მე-4 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ქალაქ გარდაბნის N4 საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ათასწლეულების გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, აშშ–ს ელჩმა საქართველოში და აშშ–ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ოპერაციების აღმასრულებელმა დირექტორმა საზეიმოდ გახსნეს.

გახსნის ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 58 საჯარო სკოლა. მათ შორის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 3 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

პროექტის ფარგლებში სკოლები თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურით აღიჭურვა, მოეწყო საბუნებისმეტყველო საგნებისათვის განკუთვნილი კაბინეტები, კომპიუტერული ლაბორატორია, სპორტული დარბაზები და კეთილმოწყობილი სასწავლო ოთახები.

ჯამში ქვემო ქართლში რეაბილიტაცია 10–ზე მეტ სკოლას ჩაუტარდა. საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აფინანსებს აშშ–ს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტით/გრანტით. ჯამში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის კომპაქტიდან 54 მლნ. აშშ დოლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი.

ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.