საქართველო

ფრაქცია „ქართული ოცნება“ შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავს

18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ, საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებაში უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ წერილშია ნათქვამი, რომელიც მედიას პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ გააცნო.

„როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 18 ივლისიდან „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის სხვა დეპუტატების, საერთო ჯამში 46 პარლამენტის წევრის ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული იქნა პარლამენტის რიგგარეშე სესია. ფრაქცია „ქართული ოცნება“ იმ პროცესში, რომლის მიზანია არა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება და ხსენებული რეკომენდაციების საბოტაჟი, მონაწილეობას არ მიიღებს. გარდა ამისა, მათი წარმოდგენილი ე.წ „დღის წესრიგი“ არ შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, რადგან მათი დამუშავება, განხილვა და შეჯერება არ მომხდარა პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკომიტეტო მოსმენებზე. მათგან მხოლოდ ერთი საკითხია პირველი მოსმენით მიღებული, თუმცა ეს საკითხიც არ არის მეორე მოსმენით განხილული საკომიტეტო სხდომაზე. ის საერთოდ არ შედის ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში და ჩვენი ფრაქცია მიმდინარე წელს საერთოდ არ გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი პოზიცია გაცხადებული და ცნობილია. ჩვენ უკვე აქტიურად დავიწყეთ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებული გეგმის მიხედვით მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკითხის განხილვამ 2023 წლისათვის გადაიწია, ამ გეგმაში ცვლილებები არ შევა და როგორც სამუშაო ჯგუფებში, სადაც ჩვენი გუნდის წევრების გარდა, ოპოზიციის ნაწილიც იღებს მონაწილეობას, ასევე საკომიტეტო მოსმენების ფორმატში, მოხდება შესაბამისი კანონპროექტების დამუშავება, დაინიცირება და საკომიტეტო განხილვები, რის შემდეგაც მათ განიხილავს საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე. აღნიშნული პროცესი, ჩვენ მიერ გაცხადებული ვადების შესაბამისად, 2022 წლის დეკემბრამდე ბოლომდე იქნება მიყვანილი. მათ შორის, რიგგარეშე სესიის დღისწესრიგში შეტანილი სხვა საკითხებიდან, რომელიც შეეხება სასამართლოს და ანტიკორუფციულ სამსახურს, ორივე მათგანთან დაკავშირებით არსებული სამუშაო ჯგუფების ფარგლებში და დადგენილ ვადებში მოხდება კანონპროექტების მომზადება, დაინიცირება და მიღება.

შესაბამისად, 18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ, საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებაში უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას, ამიტომ ჩვენი ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს. ამასთანავე, მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს, პარალელური პროცესების გამოგონებით ნუ გაამართლებენ და ნუ გამოეთიშებიან კომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს. მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე საპარლამენტო – სამუშაო ჯგუფების და საკომიტეტო საქმიანობაში, რაც, სხვათა შორის, მათი კონსტიტუციური ვალდებულებაც“, – ნათქვამია წერილში.