საქართველო

ფინანსთა სამინისტრო ხორბლის იმპორტიორებთან დათმობაზე წავიდა და შეზღუდვების ამოქმედება 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გადადო

ფინანსთა სამინისტრომ ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების ამოქმედება 1 წლით გადადო. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

„გადავადდა 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. ჩვენ გავითვალისწინეთ, რასაკვირველია, ჯანოს ასეთი ემოციური გადაწყვეტილება. მადლობაც გადავუხადეთ, რომ მოგვისმინა ჩვენ და ჩამოვიდა. ამავდროულად, გავითვალისწინეთ ყველა მძღოლის მდგომარეობა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ ამ შეზღუდვის ამოქმედება, ხოლო ამის შემდეგ მომავალში შეზღუდვა იქნება სეზონური თუ სხვა ტიპის, ერთად გავივლით მძღოლებთან. ერთი წელი საკმარისზე მეტი ვადაა, რომ ჩვენ სამომავლოდ ისე გავაკეთოთ, რომ ეს ხალხიც არ დარჩეს ქუჩაში, მაგრამ ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადიც ასევე, შევინარჩუნოთ და არ ვავნოთ ჩვენს ქვეყანას“, უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს.

მას შემდეგ, რაც მინისტრის გადაწყვეტილებით ხორბლის იმპორტიორებს სახმელეთო გადაზიდვები სრულად აეკრძალათ, გადამზიდავები საპროტესტო აქციებს მართავდნენ. დღეს, აქციის მეოთხე დღეს, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით იმუქრებოდა.