საქართველო

ფინანსთა მინისტრი: ლარის კურსი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის

ლარის კურსი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ეროვნული ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად კოორდინაციაში მუშაობს, რომ თავიდან იყოს აცილებული ლარის მკვეთრი მერყეობა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის სტაბილიზაცია შეინიშნება და საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები უნდა ჰქონდეს ქვეყანას.

„ბოლო მოკლევადიან პერიოდში შეინიშნება სტაბილურობა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საკმაოდ რთულ სიტუაციაში არის ქვეყანა პანდემიიდან გამომდინარე. შესაბამისად, ერთ-ერთი მიმართულება არის ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ვაქცინაციის განხორციელება. ასევე, მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ტურიზმის გარკვეული პროცენტული ნაწილის აღდგენა. მნიშვნელოვანია, რომ წელს, წლის ბოლოს, ტურიზმის აღდგენა განხორციელდეს. თუმცა, გარდა ამისა, არის რეგიონში გამოწვევები. საუბარი მაქვს ჩვენს სამეზობლოზე. გარდა ამისა, თურქეთის შემთხვევაში, ერთ დღეში გაუფასურდა 15-16 პროცენტით. შესაბამისად, რეგიონის ეს სიტუაცია გამორიცხულია, რომ საქართველოზე რაღაც დოზით არ აისახოს. საქართველოს ეროვნული ბანკი ძალიან აქტიურად მუშაობს, რომ მოხდეს ფასების სტაბილიზაცია, ინფლაცია ახლოს იყოს ტარგეტირებულ ნიშნულთან. მოლოდინი გვაქვს, რომ ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდება. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები უნდა ჰქონდეს ქვეყანას“, – განაცხადა ხუციშვილმა.