საქართველო

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირიდან 2-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, 7-ს კი, გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან დღეს 9 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 2-ს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა, 7-ს კი, გირაო შეეფარდა.

პატიმრობა ანტონ ღლონტს და თემურ ირემაძეს, ხოლო მაია ბერიძეს – 10 000-ლარიანი, მარიამ ჩადუნელს – 2 000-ლარიანი, ანი აროშიძეს – 2 000-ლარიანი, თენგიზ ირემაძეს – 3 000-ლარიანი, ნონა ჟორჟაძეს – 2 000-ლარიანი, გიორგი გასვიანს – 1 500-ლარიანი, ირაკლი ქასრაშვილს – 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

როგორც პროკურორმა განმარტა, დაკავებულების ნაწილს ჩანაწერები არ გაუვრცელებია, მათ კადრები სოციალური ქსელის ინბოქსში ჩაუგდეს, თუმცა, პოლიციისთვის არ მიუმართავთ, დაკავებულების ნაწილი კი, ვიდეოს სოციალურ ქსელში ინახავდა და მასობრივად ავრცელებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.