საქართველო

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის №329/2019 დადგენილებაში, რომელიც მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტის 2017 წლის 26 ივლისის  №196  განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რითაც მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენა მოხდა.

სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა და განაცხადა: „მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის! დიდება უკრაინას!“

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პორშენკოს მიერ 2017 წლის 26 ივლისს ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყდა, კიევიდან თვითმფრინავით პოლონეთში იქნა დეპორტირებული და ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აეკრძალა.

guardian.ge