აფრიკა, მსოფლიოს ახალი ამბები

„უზარმაზარი ნგრევა“ და მსხვერპლი გამოიწვია კენიაში კაშხლის ჯებირის განგრევამ

სულ მცირე 20 ადამიანია დაღუპული კენიაში მას შემდეგ, რაც ძლიერი წვიმების შედეგად წყალმა კაშხლის ჯებირი გაანგრია, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.

კენიის ხელისუფლების განცხადებით, „უზარმაზარი ნგრევის“ შედეგად ასევე ასეულობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ.

კაშხალში დაგუბებულმა წყალმა ჯებირი ქალაქ სოლაიში გაანგრია. აღნიშნული ქალაქი კენიის დედაქალაქ ნაირობიდან ჩრდილო-დასავლეთში, 190 კილომეტრის მოცილებით მდებარეობს.

„წყალმა უზარმაზარი ნგრევა გამოიწვია. სახეზეა როგორც ადამიანთა სიცოცხლის, ისე ქონების განადგურება. ზარალის ოდენობა ჯერ არ შეფასებულა“, განაცხადა ნაკურუს რეგიონის გუბერნატორმა.

კენიის „წითელი ჯვრის“ განცხადებით, მათ ჯერჯერობით 39 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

როგორც „როიტერსი“ მთავრობის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, კენიაში მარტის შემდეგ, ძლიერი წვიმების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 132 ადამიანი, ხოლო სტიქიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 222 456 შეადგინა.