მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპს მისი ადვოკატები ურჩევენ, რომ უარი თქვას სპეციალურ პროკურორთან ინტერვიუზე

დონალდ ტრამპის ადვოკატებიდან რამდენიმემ პრეზიდენტს ურჩია, რომ არ დაუჯდეს ინტერვიუზე სპეციალურ პროკურორს, რობერტ მიულერს, რომელიც რუსეთსა და ტრამპის კამპანიას შორის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო საიდუმლო შეთანხმებას იძიებს, იტყობინება The New York Times-ი ორშაბათს.

გაზეთი ოთხ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც საქმის ვითარებას იცნობენ, აცხადებს, რომ ადვოკატები წუხან, რომ ტრამპის მცდარი განცხადებების გაკეთების მიდრეკილებიდან და საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოსვლიდან გამომდინარე, მას შესაძლოა ბრალი გამომძიებლებისთვის ტყუილის თქმისთვის წარედგინოს.

ტრამპმა ცოტა ხნის წინ სურვილი გამოხატა, რომ პასუხები გასცეს სპეციალურ პროკურორს, რობერტ მიულერს. „ფაქტობრივად, მოუთმენლად ველოდები ამას“, უთხრა გასულ თვეს პრეზიდენტმა რეპორტიორებს.

საქმის დეტალებში ჩახედულმა პირმა ახალი ამბების სააგენტო „როიტერსს“ უთხრა, რომ ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება დათანხმდება თუ არა ტრამპი ინტერვიუს.

აშშ-ის პრეზიდენტი უარყოფს რაიმე საიდუმლო კავშირის არსებობას რუსეთსა და მის კამპანიას შორის და აღნიშნულს, „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.

თუკი ინტერვიუზე უარს იტყვის, მიულერს შეეძლება სასამართლოში გამოიძახოს პრეზიდენტი, ვიდრე საქმეს ნაფიც მსაჯულთა კოლეგია განიხილავდა.