მსოფლიოს ახალი ამბები

ტრამპმა პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი მსოფლიოს ბირთვული იარაღის 90% პროცენტს ფლობს, რაც არ არის კარგი

ჰელსინკში პუტინის და ტრამპის შეხვედრა დაიწყო. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების მიერ ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა მხოლოდ სამი წამის განმავლობაში გაგრძელდა. მოლაპარაკებების დაწყების წინ პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის სასიამოვნოა ტრამპთან შეხვედრა. „ჩვენ განვაგრძობთ რეგულარულ კონტაქტს. ჩვენ გვისაუბრია ტელეფონით და რამდენჯერმე შევხედრილვართ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა დროა დეტალურად ვისაუბროთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე, ასეთი კი ბევრია“, აღნიშნა პუტინმა.

ტრამპს არ უხსენებია რუსეთის მიერ 2016 წლის არჩევნებში ჩარევა, არც სირია და უკრაინა, მით უფრო საქართველო, არც სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლის ფაქტი და მისი განცხადება პოზიტიური ნოტით დაიწყო. მან მიულოცა პუტინს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა და რუსეთის მონაწილეობა მასში. „საკმაოდ ინტენსიურად ვუყურებდი მსოფლიო ჩემპიონატს. მშვენივრად იყო ყველაფერი გაკეთებული“, აღნიშნა ტრამპმა.

პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ბოლო წლების არც თუ სახარბიელო ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

„ყველაფერზე ვისაუბრებთ: სამხედრო, ბირთვულ, სავაჭრო საკითხებზე, ჩინეთზე. ჩვენ ბოლო წლებში ერთმანეთთან არ გვქონია კარგი ურთიერთობა“, აღნიშნა ტრამპმა და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა დადებით როლს ითამაშებს აშშ-სა და რუსეთს შორის სამომავლო, ორმხრივ ურთიერთობებში.

„ჩვენ გვაქვს დიდებული შესაძლებლობები ერთად. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არ გვქონია კარგი ურთიერთობები. ერთმანეთთან ურთიერთობების აწყობა კარგი რამაა. მსოფლიოს უნდა, რომ ჩვენი ერთმანეთთან კარგი ურთიერთობები იხილოს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ და რუსეთი ორი მძლავრი ბირთვული სახელმწიფოა, რომელიც მთლიანობაში მსოფლიოს ბირთვული იარაღის 90% პროცენტს ფლობს, რაც არ არის კარგი.

ორთავემ, პუტინმა და ტრამპმა მათი შეხვედრის ადგილას, ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში მისვლა დააგვიანეს. პუტინის თვითმფრინავი ჰელსინკში სამიტის დაწყებისთვის განსაზღვრული დროის გასვლიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ დაეშვა. ამის გამო, ტრამპიც, რომელიც უკვე ფინეთის დედაქალაქში იმყოფებოდა, ერთი საათის დაგვიანებით მივიდა პრეზიდენტის სასახლეში.

ტრამპსა და პუტინს შორის პირისპირ მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ შეხვედრა დელლეგაციის წევრებს შორის გაფართოებულ ფორმატში შედგება. ადგილობრივი დროით, დაახლოებით 16:50 საათზე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები „არასდროს ყოფილა უფრო უარესი“, ვიდრე დღესაა.

guardian.ge