მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა პირობა დადო, რომ დაამარცხებს „რადიკალ მემარცხენეებს, მარქსისტებს, ანარქისტებს“ და დაიცავს „ამერიკელ გმირებს“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სიტყვაში „ამერიკელი გმირების“ დაცვისა და „რადიკალი მემარცხენეების, მარქსისტების, ანარქისტების, აგიტატორების, მოროდიორების“ დამარცხების აღთქმა დადო და განაცხადა, რომ არ დაუშვებს ამერიკის ისტორიული ფიგურების – კონფედერატი გენერლების, მონათმფლობელების – ძეგლების ჩამოგდებას, რასაც ახლახან პროტესტანტების მიერ ჰქონდა ადგილი.  

„ჩვენ ახლა რადიკალი მემარცხენეების, მარქსისტების, ანარქისტების, აგიტატორების, მოროდიორების და იმ ადამიანების დამარცხების პროცესში ვართ, რომელთაც ბევრ შემთხვევაში აბსოლუტურად არ გააჩნიათ იმის შეგრძნება თუ რას სჩადიან. ჩვენ არასოდეს მივცემთ უფლებას აგრესიულ ბრბოს, ჩამოაგდონ ჩვენი ძეგლები, წაშალონ ჩვენი ისტორია ან ფეხქვეშ გათელონ ჩვენი თავისუფლებები“, განაცხადა პრეზიდენტმა.

ტრამპმა მედიაც გააკრიტიკა  და ბრალი დასდო მას „ცილისწამებაში“ მის მიმართ, ამერიკელი ხალხისა და „გმირების იმ თაობების მიმართ, რომელთაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ამერიკას“, აღნიშნა რა, რომ მედია „არამართებულად და მუდმივად  აკერებს რასისტის იარლიყებს თავიანთ ოპონენტებს და გმობს პატრიოტ მოქალაქეებს“.

„რაც უფრო მეტად იტყუებით და იმცირებთ თავს და ქმნით შეთქმულების თეორიებს, მით უფრო კარგავთ ნდობას. ჩვენ გვინდა ქვეყნის გაერთიანება და თავისუფალი და ღია მედია ამ ამოცანას ძალიან ადვილად შეასრულებს“, განაცხადა მან.   

ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში წარმოთქმულ თავის სიტყვაში ჩინეთს კიდევ ერთხელ დასდო ბრალი კორონავირუსის პანდემიაში და თქვა, რომ მას ამისათვის „სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს“. კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მატების მიუხედავად, პრეზიდენტმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე „პროგრესზე“ გაამახვილა ყურადღება, შეაქო ამერიკის „მეცნიერული ბრწყინვალება“ და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს „მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე გაცილებით ადრე ჰქონდეს სამკურნალო ვაქცინა“.

ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი ჰყავს. ჯონ ჰოპკინსის უნივერისტეტის მონაცემებით, აშშ-ში მხოლოდ ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 43 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ფლორიდაში კი, სადაც ვირუსის გავრცელების მზარდი ნიშნებია, ახალი შემთხვევების რაოდენობამ 11 458 შეადგინა.

პრეზიდენტს არაფერი უთქვამს კორონავირუსით დაღუპულ 130 000-მდე პაციენტზე. მან განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა თითქმის 40 მილიონ ადამიანს ჩაუტარა ტესტირება და დაამატა, რომ კორონავირუსის შემთხვევების 99% „სრულიად უვნებელი“ იყო, თუმცა მას ამის სამხილი არ წარმოუდგენია.

GUARDIAN.GE