მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა პაკისტანი აშშ-ის მოტყუებაში დაადანაშაულა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პაკისტანი შეერთებული შტატების მოტყუებაში დაადანაშაულა, მაშინ როცა მისი თქმით, ისლამაბადი ვაშინგტონისაგან უცხოური დახმარების სახით მილიარდობით დოლარს იღებს.

2018 წელს „თვითერზე“ გაკეთებულ თავის პირველ განცხადებაში მან პაკისტანს ასევე ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემაში დასდო ბრალი.

BBC-ის ცნობით, პაკისტანმა ბრალდებაზე გაბრაზებული რეაქცია გამოხატა და განაცხადა, რომ ყველა ის თანხა, რაც მას აქვს მიღებული, აღრიცხულია და ტრამპის მწვავე კრიტიკა „შეერთებული შტატების ავღანეთში დამარცხებითაა“  განპირობებული.

შეერთებულ შტატებს გასული წლის აგვისტოდან შეჩერებული აქვს ისლამაბადისთვის 250 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დახმარების გაწევის საკითხი.

The New York Times-ის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯი პაკისტანის ტერორისტულ ჯგუფებთან წარუმატებელ ბრძოლას უკავშირდება.

„შეერთებულ შტატებს ბოლო 15 წლის განმავლობაში სულელურად აქვს მიცემული 33 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება და მათ არაფერი მოუციათ ჩვენთვის, გარდა ტყუილისა და თაღლითური ოინებისა, მიიჩნევენ რა ჩვენ ლიდერებს, როგორც სულელებს“, დაწერა ტრამპმა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა პაკისტანურ სატელევიზიო არხ Geo TV-ს განუცხადა: „ჩვენ შეერთებულ შტატებს უკვე ვუთხარით, რომ ჩვენ მეტს არ გავაკეთებთ, ასე რომ ტრამპის „უფრო მეტს“ არ აქვს რაიმე მნიშვნელობა. პაკისტანი მზადაა საჯაროდ წარმოადგინოს შეერთებული შტატების მხრიდან მიღებული დახმარების თითოეული დეტალი“.

დონალდ ტრამპის „თვითერზე“ გაკეთებული მწვავე განცხადების პროტესტის ნიშნად, აშშ-ის ელჩი პაკისტანში დევიდ ჰეილი საგარეო უწყებაში იქნა გამოძახებული ახსნა-განმარტების მისაცემად.

თავდაცვის მინისტრმა ხურამ დასტგირ ხანმა „თვითერზე“ დაწერა, რომ შეერთებულ შტატებს პაკისტანისთვის „არაფერი აქვს მიცემული, გარდა ლანძღვა-გინების და უნდობლობისა“.