მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტიდან მარკ ესპერი გაათავისუფლა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტიდან მარკ ესპერი გაათავისუფლა და მის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობაზე ქრისტოფერ მილერი, ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელი დანიშნა.


ტრამპს არ დრომდე არ უღიარებია საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები და ჯო ბაიდენის გამარჯვება და 3 ნოემბრის არჩევნების შედეგების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

20 იანვრამდე, ვიდრე ბაიდენის ინაუგურაცია შედგება, ტრამპს, როგორც მოქმედ პრეზიდენტს, საკადრო და კანონით მინიჭებული ყველა სხვა გადაწყვეტილების მიღების სრული უფლება აქვს.

ტრამპმა ესპერის გათავისუფლების შესახებ განცხადება სოციალური ქსელით, „თვითერით“ გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება „დაუყოვნებლივ შედის ძალაში“. ტრამპს თავდაცვის მდივნის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ მასსა და ესპერს შორის უთანხმოებამ მიმდინარე წლის იმ პერიოდიდან იჩინა თავი, როცა ამერიკაში რასობრივი უსამართლობის ნიადაგზე არეულობებისას ტრამპის სურვილი სამხედრო ძალებით მომხდარიყო ქუჩაში გამოსვლების ჩახშობა, ესპერმა კატეგორიულად არ გაიზიარა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მან არაერთი მაღალი თანამდებობის პირის, მათ შორის მისი მრჩეველების მოხსნის შესახებ საზოგადოებას „თვითერით“ ამცნო.

ესპერის წინამორბედმა, გენერალმა ჯიმ მატისმა 2018 წლის დეკემბერში გადადგომის გადაწყვეტილება ტრამპთან საგარეო პოლიტიკის, მათ შორის სირიის ომის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო მიიღო.

ივნისში, როდესაც შეერთებულ შტატებში რასობრივი უსამართლობის ნიადაგზე საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა, მატისმა ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა და თქვა: „იგი პირველი პრეზიდენტია მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რომელიც არ ცდილობს ამერიკელი ხალხის გაერთიანებას – ამის მოჩვენებითი მცდელობაც კი არ აქვს. ნაცვლად ამისა, ის ჩვენს დაყოფას ცდილობს“.

2018 წლის დეკმბერში თავისი გადადგომის წერილში მატისმა მკაფიოდ გააკრიტიკა ტრამპი ამერიკის იმ უახლოესი მოკავშირეების დაუფასებლობისათვის, რომლებიც ორივე კონფლიქტში შეერთებული შტატების გვერდიგვერდ იბრძოდნენ. მატისმა თქვა, რომ ტრამპი იმსახურებდა ისეთი თავდაცვის მდივნის ყოლას, რომელიც უფრო ახლოს იდგებოდა მის შეხედულებებთან.

GUARDIAN.GE