მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა ევროპიდან ამერიკაში მგზავრობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით რადიკალური ზომები მიიღო და ევროპიდან ამერიკაში მგზავრობის დროებითი შეჩერების შესახებ გამოაცხადა.

სატლევიზიო მიმართვაში მან განაცხადა, რომ ევროპის 26 ქვეყნიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა მომდევნო 30 დღის განმავლობაში იქნება შეჩერებული, მაგრამ დასძინა, რომ „მკაცრი და საჭირო“ შეზღუდვები არ შეეხება დიდ ბრიტანეთს, სადაც ამ დროისთვის ინფექციის  460 შემთხვევაა დადასტურებული.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსი ბოლო დღეების განმავლობაში სწრაფი ტემპით გავრცელდა და ამჟამად ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 135 შეადგინა, სიკვდილიანობამ კი 38.

„ჩვენს სანაპიროებზე ახალი შემთხვევების შემოსვლისაგან თავის დასაზღვევად, ჩვენ ვაჩერებთ ევროპიდან ყველა მგზავრობას“, განაცხდა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათ საღამოს თეთრი სახლის ოვალური ოფისიდან მიმართვისას. მან დაამატა, რომ ახალი წესები ძალაში პარასკევს, შუაღამიდან შევა.

სამგზავრო შეზღუდვები არ შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი წარუმატებელი აღმოჩნდა „მსგავსი უსაფრთხოების ზომების მიღების მხრივ“.

პრეზიდეტის  განცხადება ტრამპის მიმართვიდან მალევე გამოქვეყნდა და ზუსტად განსაზღვრავს აკრძალვის სამიზნე ჯგუფებს და ქვეყნებს – აკრძალვა შეეხება ყველა მოქალაქეს, რომელიც ევროპის შენგენის თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე ამერიკაში გამგზავრებამდე 14 დღის განმავლობაში  იმყოფებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ირლანდია ამ სიიდან გამოირიცხება, რადგან ის შენგენის 26 ქვეყანაში არ შედის. ბულგარეთი, ხორვატია და რუმინეთი ასევე ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ შენგენის თავისუფალ ზონას არ მიეკუთვნებიან.

ტრამპმა განაცხადა, რომ მგზავრობის შეჩერება ასევე „შეეხება უზარმაზარი ოდენობის სავაჭრო ტვირთებს“, რომელიც ევროპიდან შედის ამერიკაში, მაგრამ მოგვიანებით „თვითერზე“ დაწერა, რომ ახალ ზომებს „ვაჭრობაზე არც ერთ შემთხვევაში გავლენა არ ექნება“.

მან ასევე გამოაცხადა მთავრობის გეგმის თაობაზე თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი მცირე ბიზნესები მილიარდობით დოლარით და სესხებით და დაჟინებით მოუწოდა კონგრესს მიიღოს საგადასახადო შეღავათების ზომები, რათა კორონავირუსის აფეთქებისაგან გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილ ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა შენელდეს.

„ჩვენ თავს ვუყრით ფედერალური მთავრობის და კერძო სექტორის მთელ ძალაუფლებას, რათა დავიცვათ ამერიკელი ხალხი“, განაცხადა ტრამპმა.

GUARDIAN.GE