მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა გენერალი მატისი თავდაცვის მდივნის პოსტიდან ვადაზე ადრე გაუშვა და მისი შემცვლელი დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის პოსტზე, ჯეიმს მატისს იმაზე 2 თვით ადრე შეცვლის, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. როგორც სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება, ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპის ეს გაბრაზებული ნაბიჯი მატისის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გამოქვეყნებულმა წერილმა განაპირობა, რომლითაც გენერალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის გამო მკაფიო უკმაყოფილებას გამოხატავდა.

ხუთშაბათს, მატისმა მოულოდნელად განაცხადა, რომ იგი თანამდებობიდან მიდიოდა და გადაწყვეტილება ძალაში მომავალი წლის 28 თებერვალს შევიდოდა. პოსტიდან წასვლის მიზეზად გენერალმა მატისმა ტრამპის საგარეო პოლიტიკა დაასახელა, მათ შორის, სირიიდან ყველა საჯარისო შენაერთის მოულოდნელი გამოყვანა და ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროების შემცირების გეგმა.

ტრამპი სირიის და ავღანეთის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო მისი თანაპარტიელი „რესპუბლიკელების“, ასევე „დემოკრატების“ და საერთაშორისო მოკავშირეების მხრიდან მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა.

როგორც „რესპუბლიკელების“, ასევე „დემოკრატების“ მიერ დიდად პატივსაცემი მატისის გადადგომამ წუხილები წარმოშვა გლობალური უსაფრთხოებისადმი ტრამპის არაპროგნოზირებადი, ერთპიროვნული მიდგომის გამო.

ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის პოსტს 1-ელი იანვრიდან მატისის მოადგილე პატრიკ შანაჰანი (მაღლა ფოტოზე ტრამპის ხელმარჯვნივ) დაიკავებს.

თავისი გადადგომის წერილში მატისმა მკაფიოდ გააკრიტიკა ტრამპი ამერიკის იმ უახლოესი მოკავშირეების დაუფასებლობისათვის, რომლებიც ორივე კონფლიქტში შეერთებული შტატების გვერდიგვერდ იბრძოდნენ. მატისმა თქვა, რომ ტრამპი იმსახურებდა ისეთი თავდაცვის მდივნის ყოლას, რომელიც უფრო ახლოს იდგებოდა მის შეხედულებებთან.

guardian.ge