მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა განაცხადა, რომ FBI-ის აგენტებმა ფლორიდაში, თავის საცხოვრებელ სახლში „რეიდი“ განახორციელეს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს საცხოვრებელ სახლში ფედერალურმა საგამოძიებო სამსახურმა (FBI) „რეიდი“ ჩაატარა. ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარ-ა-ლაგო „ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტების დიდ ჯგუფს ჰქონდა დაკავებული“.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მედია იტყობინება, ჩხრეკა დაკავშირებულია დოკუმენტებთან, რომელიც პრეზიდენტს თეთრი სახლის დატოვებისას შესაძლოა მარ-ა-ლაგოში წაეღო. ტრამპის ადვოკატმა, ქრისტინა ბობმა NBC-ის ახალ ამბებს უთხრა, რომ საგამოძიებო სამსახურმა ჩხრეკისას ზოგიერთი დოკუმენტი დალუქა და წაიღო.

ტრამპი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, თავის განცხადებას ასე იწყებს: „ეს არის ბნელი დრო ჩვენი ქვეყნისთვის“. იგი ამბობს, რომ თანამშრომლობდა ყველა სათანადო სამთავრობო სააგენტოსთან და „ჩემს სახლზე გამოუცხადებელი რეიდი არ იყო საჭირო და სათანადო“. მან მომხდარს „პროკურატურის გადაცდომა“ და „იუსტიციის სისტემის შეიარაღება“ უწოდა, რაც ტრამპის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ხელახალი კენჭისყრისთვის ხელის შეშლას უკავშირდება.

„ასეთ თავდასხმას შესაძლოა მხოლოდ ჩამოშლილ, მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ჰქონდეს ადგილი. სამწუხაროდ, ამერიკა ახლა გახდა ერთ-ერთი ამ ქვეყნებიდან – იმ დონის კორუმპირებული, როგორიც მანამდე არასდროს გვიხილავს“, – აღნიშნავს ტრამპი.

CBS-ის ახალი ამბების ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი ორშაბათს, მის მარ-ა-ლაგოს სახლში განხორციელებული ჩხრეკის დროს ნიუ იორკში, „ტრამპ თაუერ“-ში იმყოფებოდა.

guardian.ge