მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსი ჩინეთში მდებარე ლაბორატორიიდან გავრცელდა და მას ამის მტკიცებულება ნანახი აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას ნანახი აქვს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ჩინეთში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა.

უფრო ადრე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ იძიებს თუ როგორ დაიწყო ვირუსის გავრცელება, მაგრამ ოფისმა აღნიშნა, რომ მან დაადგინა, რომ „კოვიდ-19“ „არ ყოფილა ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული“.

ჩინეთმა უარყო ლაბორატორიის თეორია და გააკრიტიკა აშშ-ის პასუხი „კოვიდ-19“-ისადმი.

ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსით მსოფლიოში უკვე 3.2 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, გამოჯანმრთელებულია 1 მილიონი პაციენტი და გარდაცვლილია 230 0000ზე მეტი.

ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ეპიდემიის გავრცელების გამო ჩინეთის პროდუქციაზე ახალი ტარიფები დაწესდეს.

„კორონავირუსი ჩვენთან ჩინეთიდან მოვიდა და ეს მიუღებელია. ახლა ვიკვლევთ, როგორ მოხდა ეს. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი. არსებობს რამდენიმე ვერსია და სწორედ ეს პასუხი განსაზღვრავს, ჩემს დამოკიდებულებას ჩინეთისადმი“, განაცხადა ტრამპმა, რომელმაც გასულ დღეს ახალი ამბების სააგენტო „როიტერსთან“ თქვა, რომ ჩინეთი „ყველაფერს გააკეთებს, რაც კი შეუძლია“, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნები წააგოს და მისმა მოსალოდნელმა მეტოქემ „დემოკრატმა“ ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს.

GUARDIAN.GE